შალვა პაპუაშვილი – ნაცვლად იმისა, მოსამართლეთა მიმართ ოპოზიციის, NGO-ებისა და ზოგიერთი საელჩოს ბოდიში მოვისმინოთ, ვხედავთ პოზიციას, რომ უნდა გადავხიოთ კონსტიტუცია – ოპოზიცია არჩევნებში გადის სლოგანით: დავდგეთ ცალ ფეხზე და გავაკეთოთ ის, რასაც გვეტყვიან!

ნაცვლად იმისა, მოსამართლეთა მიმართ ოპოზიციის, NGO-ებისა და ზოგიერთი საელჩოს წუხილი და ბოდიში მოვისმინოთ, ვხედავთ, მათ აროგანტულ პოზიციას, რომ უნდა გადავხიოთ კონსტიტუცია, დავივიწყოთ დამოუკიდებლობა და ვთქვათ, რომ არა ვართ ხალხი, ვისაც აქვს უნარი, ქვეყანა თავად მართოს – ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში გადის სლოგანით: – დავდგეთ ცალ ფეხზე და გავაკეთოთ ის, რასაც გვეტყვიან! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა “ვეტინგის“ თემა ხელისუფლების მხრიდან დახურულია. პაპუაშვილის თქმით, სამუშაო ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე, მმართველი გუნდის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მიერ მიღებულ ვერც ერთ უსამართლო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ასახელებს, რაც სასამართლოში სისტემური პრობლემის არსებობას დაადასტურებს.
“ერთი თვეა “ვეტინგის“ საკითხზე განსჯაში შევედით. აღნიშნულ თემაზე მათ შორის სამუშაო ფორმატში გვქონდა საუბარი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იყო ჩართული. დაისვა კითხვა, გვითხარით საფუძველი იმისა, რატომ არის საჭირო “ვეტინგის“ ჩატარება – სამართლიანი მართლმსაჯულების რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს? გვითხარით, სასამართლო გადაწყვეტილების ერთი ან ორი მაგალითი, რომ იყო უსამართლო გადაწყვეტილება, რაც სისტემურ პრობლემას აჩვენებდა – საერთოდ ვერაფერი თქვეს! ხომ შეიძლება ერთი მაგალითი გვითხრან, მაგრამ იცით რატომ ვერ გვეუბნებიან? – ვერ გვეუბნებიან იმიტომ, რომ რაც აქამდე დაასახელეს, ყველაფერში მტყუანი აღმოჩნდნენ.
ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და სამწუხაროდ, ზოგიერთი საელჩო “რუსთავი2“-ის საქმეზე ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საქმე სტრასბურგში წავიდა და სტრასბურგმა თქვა, რომ NGO-ები, ოპოზიცია და საელჩოები სცდებოდნენ. ასეთია სააკაშვილის, მელიას, უგულავას საქმეები, როცა აღმოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო, ხოლო მართლები არ იყვნენ ისინი, ვინც მას პოლიტიზირებას აბრალებდა. ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლეთა მიმართ ოპოზიციის, NGO-ებისა და ზოგიერთი საელჩოს წუხილი და ბოდიში მოვისმინოთ, ვხედავთ, მათ აროგანტულ პოზიციას, რომ უნდა გადავხიოთ კონსტიტუცია, დავივიწყოთ დამოუკიდებლობა და ვთქვათ, რომ არა ვართ ხალხი ვისაც აქვს უნარი, ქვეყანა თავად მართოს და როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვიწოდა, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ და რასაც მოგვიწოდებენ, ის ვაკეთოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ