შალვა პაპუაშვილი – მოსამართლეთა კორპუსს არაერთხელ ცილი დასწამეს, მათ შორის, უცხოელმა აქტორებმა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი

მოსამართლეთა კორპუსს არაერთხელ ცილი დასწამეს, მათ შორის, უცხოელმა აქტორებმა, ზოგიერთმა დიპლომატებმა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სასამართლო კორპუსზე არაერთი თავდასხმის მიუხედავად, ქართულმა მართლმსაჯულებამ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი სიმართლე დაამტკიცა.
“ამ მოსამართლეთა კორპუსს არაერთხელ ცილი დასწამეს, მათ შორის, უცხოელმა აქტორებმა, ზოგიერთმა დიპლომატბმა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. შეგახსენებთ მელიას საქმეს, სადაც უცხოელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი, ზოგიერთი დიპლომატი, არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, ყველა თავს ესხმოდა ქართულ მართლმსაჯულებას და რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ? რომ ყველა ესენი იყვნენ მტყუანი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება, ზუსტად ის მართლმსაჯულება, რომელზეც სამწუხაროდ ასეთი ცილისმწამებლური სანქციები არის გავრცელებული. ის რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით, შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ეს პოლიტიკური რეჟიმი უნდა გასამართლდეს. ამიტომ, ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები აქ ფრთხილად იყვნენ, რათა ეს არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.