შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ დონორებს და უცხოელ აქტორებს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი, 5 წუთი სჭირდება იმას, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ – ასე რომ, ახლა ბურთი მათ მოედანზეა

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანი არის უცხოელი აქტორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ორი კვირაა რაც მიდის ამ საკითხების ირგვლივ მსჯელობა. მისი თქმით, თუ მათი წუხილები რეალურია, რა უშლით მათ ხელს , რომ გაასაჯაროონ დემოკრატიის ეროვნული ფონდის და ევროპის დემოკრატიის ფონდის პროექტები საქართველოში.
„გვესმის წუხილები უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, არადა ამ ორი კვირის განმავლობაში, თუკი ისინი გულწრფელი არიან თავის წუხილებში, რა უშლიდათ მათ ხელს, რომ გაესაჯაროებინათ დემოკრატიის ეროვნული ფონდის NED-ის და ევროპის დემოკრატიის ფონდის EED-ის პროექტები საქართველოში. თუკი გამჭვირვალობა მათთვის მთავარი პრინციპი არის და თუკი ისინი არ უარყოფენ ამის საჭიროებას – ნაცვლად ამ ლაპარაკისა და წუხილებისა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა რომ გაესაჯაროებინათ და ეჩვენებინათ ქართველი ხალხისთვის, რომ მათ არაფერი დასამალი არ აქვთ. ხუთი წუთის საქმეა, რომ ეს პროექტების სია დადონ ნებისმიერ ვებ-გვერდზე, მაგრამ სამწუხაროდ, ხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ უცხოელმა აქტორებმა და დონორებმა ახლა მაინც აჩვენონ გამჭვირვალობის მზაობა, კვლავ ხედავთ გაღმა შემოდავების პრინციპით, ლოზუნგებით ზუსტად იმავე სტილში, როგორშიც, სამწუხაროდ, ცალკეული ჯგუფები მონაწილეობენ ამ დისკუსიაში – ლოზუნგებით და მხოლოდ წუხილების გამოთქმას და არა შინაარსობრივ მსჯელობას. ამიტომ, მე, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს – თუკი ისინი გულწრფელები არიან საკუთარი გამჭვირვალობის პოზიციაში, რომ მათ არაფერი არ აქვთ დასამალი ქართველი ხალხის მიმართ – 5 წუთი სჭირდება იმას, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროვდეს. 2022 წელი, 2023 წელი, მიმდინარე პროექტები, არაფერი მათ ამაში ხელს არ უშლით. ასე რომ ახლა ბურთი მათ მოედანზეა, რომ დაანახონ ქართველ ხალხს, რომ ისინი გულწრფელი არიან თავის დამოკიდებულებაში ხალხის მიმართ”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.