ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ, ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „თუკი ვინმეს აინტერესეს რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, მას შეუძლია ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა“.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტში უფრო ხმამაღლა ისმის ევროპელი პატრიოტების ხმა. მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპული იდენტობა არ დაიკარგოს და ევროკავშირი ეფუძნებოდეს ევროპულ ღირებულებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები ევროკავშირში, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ევროპის ბნელი წარსულისკენ. ჩვენ ეს გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს ევროკავშირს. თუკი ვინმეს აინტერესეს რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, მას შეუძლია ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა, სადაც დღეს ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ნაწილი იმყოფება. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ცივილიზაციური ქედმაღლობის და აღმატებულობის პოზა, რომელსაც ჩვენ გუშინ ვუყურებდით. ეს არის ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ იმ დაკვეთას, რომელიც ევროპელი ხალხებისგან მოდის და არიან სრულად აღმსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური გლობალისტური მიზნებისა, რომელსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები.
მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის, რომელიც გარდა იმისა, რომ ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისთვის, არის თავად შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა და ევროპული ღირებულებებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ, ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულებს, ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან. გუშინ ტრიბუნასთან იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, მათ შორის რასა იუკნევიჩიენე. ისინი კიდევ ბედავენ საქართველოზე საუბარს. ადამიანები, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში კინაღამ არეულობა, დაპირისპირება მოხდა. ვისი ტყვია გაისროდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, მერე რასა იუკნევიჩიენეს ნაკლებად ადარდებს, მას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები, რომელსაც მას ასრულებინებენ მისი არაფორმალური მმართველები. ჩავარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რომელიც იყო მხარდაჭერილი ბრიუსელის მხრიდან. ევროპარლამენტის მხრიდან. ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩავარდნილი დოკუმენტი, სადაც ვნახეთ მხარდაჭერა მოძალადეების მიმართ, როდესაც საუბრობენ მითიურ უსამართლოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე. რეალურად ეს აბზაცი უდრის იმას, რომ ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც შარშან დეკემბერში მოხდა, იმ ძალადობაზე, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა და ამის გამზიარებელი არის ბრიუსელი. თუკი ბრიუსელი პასუხიმგებლობას იღებს შარშან დეკემბრის ძალადობაზე, ისმის კითხვა რამდენად იქნება ასევე მათი პასუხისმგებლობა, რომ კომპენსირება მოახდინონ იმ ზიანის, რომელიც მიადგა პარლამენტის შენობას, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით?!“- განაცხადა პაპუაშვილმა.



