პრეზიდენტ მაკრონის გუშინდელი განცხადება რუსულ ჩარევაზე და ბიულეტენების ჩაყრაზე ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს – ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთისგან სისხლით იმიტომ არ მოვიპოვეთ, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები დღეგამოშვებით ერეოდნენ ქართველი ხალხის ნების გამოვლენაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცრუ ნარატივზე დაფუძნებით რაღაც დასკვნებს გვაცნობს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ჭორაობის დონეზე წარმოთქმული ბრალდებებია, იმ ხალხის არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს, ვინც უმზადებს ასეთ განცხადებებს უმზადებს.
„ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, სადაც ის საუბრობდა თითქოსდა რუსულ ჩარევაზე ქართულ არჩევნებში, ბიულეტენების ჩაყრებზე და ა.შ. როდესაც პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ხვდება ცრუ ნარატივი, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოში საფრანგეთი საელჩოს პასუხისმგებლობა. პირველი – რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში – არ ვიცი, რა ეპითეტით შეიძლება შევამკოთ ასეთი განცხადება… ქალბატონი სალომეს განცხადება ყველას გვახსოვს. რომელიღაცა მედიასთან ჰქონდა ინტერვიუ და ჟურნალისტმა ჰკითხა კიდეც, მტკიცებულებები თუ გაქვთო და საიდან უნდა მქონდეს მტკიცებულებებიო. აი, ამ დონეზე, ჭორაობის დონეზე წარმოთქმული ბრალდებები როდესაც არის პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში, რა თქმა უნდა, აჩვენებს არაკეთილსინდისიერების იმ ხალხისა, ვინც პრეზიდენტ მაკრონს უმზადებს ასეთ განცხადებებს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობაა ეს. მეორე – რა ბიულეტენების ჩაყრაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? როგორ შეიძლება, რომ ასეთი დონის მართლაც და ცრუ ნარატივი ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში შედიოდეს? ჩვენ ვნახეთ ერთი აბსოლუტურად სასაცილო და კურიოზული შემთხვევა მარნეულში, როდესაც 10 კამერის წინ ადამიანმა სიგიჟე ჩაიდინა. ის ადამიანი დააკავეს კიდეც და სისხლის სამართლის გამოძიება მიდის ამაზე და ახლა როდესაც ეს საკითხი პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ხვდება აჩვენებს, რომ ან არიან ძალიან დიდი მავნებლობა ჩადებული ამის უკან სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, ან არის აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი მათ მხრიდან, ვინც ეს პუნქტები ჩადო.
პრეზიდენტ მაკრონის გუშინდელი განცხადების ორივე პუნქტი რუსული ჩარევაზე და ბიულეტენების ჩაყრაზე ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს. სამწუხაროა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცრუ ნარატივზე დაფუძნებით შემდეგ უკვე რაღაც დასკვნებს გვაცნობს. ეს რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა არყევს ნდობას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ ქართველი ხალხის თვალში. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ 33 წლის წინ დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოვიპოვეთ მართლაც სისხლით საბჭოთა რუსეთისგან, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები დღეგამოშვებით ერეოდნენ ქართველი ხალხის ნების გამოვლენაში, თითქოს ჩვენ ვიყოთ პატარა ღობე, თითქოს ჩვენ აქ გვჭირდება მეურვეები და მთავარმართებლები უნდა დაგვინიშნოს ვიღაცამ და ჩვენი ნება ჩამოგვიყალიბოს. ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს თავისი ნება მკაფიოდ ხმამაღლა ჩამოაყალიბა. თუკი რამე არის ევროპა ეს არის უპირველეს ყოვლისა ხალხის ნების პატივისცემა და ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, ის საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „როდესაც საუბარი გვესმის ახალ არჩევნებზე, ეს არის უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობა ქართველი ხალხის“.
პაპუაშვილის ამბობს, რომ თუკი დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლებაზე საუბარი სურთ, მაშინ თავადაც ისაუბრებენ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე.
„რაც შეეხება ელჩის „ტვიტს“ – მე ამას გამოვეხმაურე, არ ვიცი რა თქვა მაკრონმა, რა არ თქვა, ეს ნაწილი ელჩის სიტყვებით გამოთქმული იყო. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ გვესმის საუბარი ახალ არჩევნებზე და ა.შ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, უპატივცემულობა ქართველი ხალხის, ვინც არ უნდა თქვას ეს. ეს ადამიანები მილიონ 120 ადამიანს არ სცემენ პატივს. ამიტომ ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც შეთანხმდა სამყარო მას შემდეგ, რაც გაერო დაფუძნდა, რომ ერთმანეთის სუვერენიტეტს უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ვხედავთ ჩვენ ცრუ ნარატივები საფუძველზე რაღაც თემის შემოტანას, თითქოს, ახალი არჩევნების შესახებ, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანში ჩარევა. თუკი ჩარევაზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ იმ ლეგიტიმაციის კრიზისებს, რომელიც ამა თუ იმ ევროპელ ლიდერს თუ პოლიტიკურ ძალას აქვს. ამიტომ თუკი სურთ, რომ ისაუბრონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე, მაშინ ჩვენც ვისაუბრებთ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე. არ შეიძლება როდესაც ზოგი წარმავალი ხელისუფლება, მაგალითად, როგორიც გერმანიისაა, რომელმაც დაკარგა საკუთარი ხალხის ნდობა, ასევე ზოგი ხელისუფლება, რომელზეც ყველა გამოკითხვა აჩვენებს რომ დაკარგული აქვთ ნდობა, იმის ნავლად, რომ დაკავებული იყვნენ საკუთარი ხალხის ნდობის აღდგენით, დაკავებული არიან საქართველოს ხალხის ნებაში ჩარევით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა და „ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.
მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. მინდა პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. შემიძლია რუმინეთზეც ვისაუბრო, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რუსეთი საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
რაც შეეხება საფრანეთის ელჩის განცხადებას – შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“.
„მაშინ როცა, ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“, – წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.