მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა – ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახსნაც კი არ სჭირდება იმას თუ რამდენად შეესაბამება კონსტანტინე გამსახურდიას აღნიშნული თანამდებობა.
„მქონდა მე გუშინ შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, თითქმის ორასწლოვანი ისტორიით. ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც სწორედ იმ სახით მოგვიტანა ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორიც ის არის და ასევე, იმ მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია.
კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. მე მინდა ვუსურვო მას წარმატება, უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დამტკიცება. ვფიქრობ, რომ კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში, ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობს. მე მგონია, არ სჭირდება ახსნა კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება იმ თანამდებობას, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა, ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე მოხდა თუ არა გიორგი კეკელიძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში პოლიტიკასთან, ამიტომ ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, თავისთავად აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, ვინც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.