შალვა პაპუაშვილი – ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს მომხდარი შტურმი დაეგმოთ – მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა

ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა „უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“.
„გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ. ნაცვლად ამისა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.
მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი, შემდგომი ძალადობის წახალისება.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპული ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ