ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ჩვენ თვალწინ ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს“ და ეს ბრძოლა მოსაგებია.
„ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა საქართველოს გულში, ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალჭირგადახდილ, ამაყ, ქედმოუხრელ და უდრეკ დედაქალაქში.
აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწმყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. ქართველების ისტორია, რომელიც გოლიათთან მებრძოლი დავითის ისტორიაა. ასე გვარგუნა ბედმა და განგებამ. ასე იყო უწინ და ასეა დღესაც.
ეს განსაზღვრა იოანე ზოსიმემ, როცა გვამცნო ქართული ენის, ქართველი ერის მისია, როლი და ფუნქცია კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებების მოდარაჯე, მცველი ქრისტიანული მრწამსისა, და შესაბამისად, ვართ მცველი უმთავრესი ფასეულობის – ადამიანის. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ ქართულ ანუ ევროპულ ღირებულებებზე.
ჩვენ თვალწინ კი ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს.
ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით.
ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ”,-განაცხადა პაპუაშვილმა.