შალვა პაპუაშვილი – „ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა – უცნაურია, რომ ALDE-სგან არაფერი ისმის: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ასეთი ადამიანების ყოფნა?

– უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან, რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს, არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე “ფეისბუქზე” წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, “ლელო” თაღლითების პარტიაა, “თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”.
“უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა – ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1,5 მილიარდი დოლარის (საქართველოს ბიუჯეტის 15%) ამოცლას.
მანამდე, ასევე სასამართლო გზით, დადასტურდა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მეანაბრეების მიერ მათი ბანკისთვის მიბარებული 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს.
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებული და, შიდა და საერთაშორისო დონეზე, დადასტურებულია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ, ვითომ დაზარალებულის მანტიით პარტია “ლელოს” დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო.
უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს. არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან (რომელიც ALDE-ს ისედაც მორყეული აქვს), მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის და რომელთა თაღლითური სარჩელები, რომლის მიზანიც ქვეყნის ბიუჯეტის 15%-ის მითვისება იყო, საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს.
ცალკე საკითხია ამ პარტიის ტოპტვინი წევრები და მხარდამჭერები, რომლებსაც ან ტოპტვინობა არ ჰყოფნით, რომ მიხვდნენ, რამდენად პრიმიტიული თაღლითური სქემის მონაწილეები არიან, ან ხვდებიან, მაგრამ, “დიდი კომბინატორის” მაგალითზე, ტოპთაღლითობას ეწაფებიან.
ფაქტია, “ლელო” თაღლითების პარტიაა, “თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”,- წერს პაპუაშვილი.