„ლელო“ არის თაღლითების პარტია, შექმნილი თაღლითობის მიზნით – იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზება დაიწყება“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „მათი ერთადერთი გზა არის ადამიანების სოციალური გაწვალება, რომ ადამიანები დატანჯონ და იქნებ, ამით მაინც რაღაცაზე წამოიკიდონ“.
„ვფიქრობ, რომ მსოფლიო არჩევნების ისტორიაში არის განსაკუთრებული მოვლენა. ქართული გამოცდილება დარჩება, რომ არჩევნებში გადის მერობის, ვიცე – მერობის კანდიდატი და მათი მთავარი დაპირებაა, რომ არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, მეორე დღესვე მოაწყობენ ქალაქის კოლაფსს. რაზე უნდა ვისაუბროთ? ამაშიც ხომ თაღლითები აღმოჩნდნენ. ბანერებს რომ აკრავდნენ და ამდენ პუნქტიანი შეთავაზება გვაქვსო, ესეც ხომ თაღლითობაა? „ლელო“ არის თაღლითების პარტია, შექმნილი თაღლითობის მიზნით, ეს აქვს გაცხადებული მამუკა ხაზარაძეს. მან იმიტომ შექმნა პარტია, რომ ანაკლიის საკითხის პრობლემა ჰქონდა და მთელმა საზოგადოებამ, მსოფლიო საზოგადოებამ ნახა, რომ რაც მას ჰქონდა იყო თაღლითური სქემა, რაც მას ჰქონდა იყო თაღლითური სარჩელები იმისთვის, რომ მილიარდ ნახევარი ამოეღო ქართველების ჯიბიდან. თითქოს, იქამდე რომ გაღლიტა თავისი ბანკით საზოგადოება და ქონებას ქონებაზე უყიდდა, ის არ ჰყოფნიდა, მილიარდ ნახევარი უნდოდა ამოეღო ბიუჯეტიდან და უნდოდა ჩაედო საკუთარ ჯიბეში. ეს თაღლითობა გასკდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. თურმე ის ბანერები, პრეზენტაციები, გუშინ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში რომ პრეზენტაციებს ატარებენ, ეს ყველაფერი იყო თაღლითობა. მათი მთავარი ამოცანაა, რომ თუ ექნებათ ერთი მისხალი ძალაუფლებისა და შესაძლებლობისა, რომ გავლენა ჰქონდეთ სახელისუფლებო გადაწყვეტილებაზე, დაანგრევენ ყველაფერს, ქვას ქვაზე არ დატოვებენ, მოაწყობენ ქალაქში კოლაფსს, ეს თქვეს კიდეც.
იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ვერაფერი შეძლეს. უცხოელებმა ვერაფერი შეძლეს პროპაგანდით. შარშან რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, თითქოს არჩევანი არის რაღაც ვექტორებს შორის. გამოვიდა ქართველი ხალხი და საკადრისი პასუხი გასცა ყველა უცხოელს. პროპაგანდით და ზეწოლით ვერაფერი გვიქნეს. ახლა მათი ერთადერთი გზა არის ადამიანების სოციალური გაწვალება, რომ ადამიანები დატანჯონ და იქნებ, ამით მაინც რაღაცაზე წამოიკიდონ. ეს არის ზუსტად ამ გეგმის ნაწილი და თავადაც აცხადებენ, რომ არიან მათ მიერ გამოცხადებული ძალადობრივი დამხობის პროექტის ნაწილი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.
