ნებისმიერი ტყუილი შეიძლება მოიგონოს ცანავამ. რა უშლის მას ხელს, რომ თქვას, ჩემთან შემოსული სუს-ის ხელმძღვანელი იყოო? ან თქვას, პარლამენტის თავმჯდომარე იყო მოსულიო? იტყვის ტყუილს! – რა უშლის ხელს ბაჩიაშვილს, რომ თქვას რაღაც ტყუილები? ან რა უშლის ხელს მზია ამაღლობელს? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას სუს-მა ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა მოსთხოვა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის „გებელსური პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომ რაც შეიძლება მამალი ტყუილი უნდა თქვან, რათა მერე ბევრს დააჯერონ“.
„[ლაშა ცანავას] რა ჩაუდენია და რა არ ჩაუდენია, ამაზე ისაუბროს სასამართლოზე. რაც შეეხება დანარჩენს, მე მგონი, ბოლო პერიოდში, ასეთ ზღაპრებს შეჩვეულები ვართ. ესეც გებელსური პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ რაც შეიძლება მამალი ტყუილი იყოს, რომ მერე ბევრს დააჯერონ. სხვათა შორის, ამაღლობელის პროცესთან დაკავშირებითაც. ისე გამოგყავთ მედიას და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში ვიღაცამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. იტალიის პარლამენტში გამოდიოდა იტალიელი დეპუტატი მიკროფონთან და ოპოზიციის მოყოლილ ტყუილებს ჰყვებოდა, რომ თითქოს მზია ამაღლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო დაესხა თავს პოლიციელს. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა იტალიელმა დეპუტატმა. ეს არის ჩვეულებრივი მამალი ტყუილი, რომელსაც იტალიელი დეპუტატი ამბობს. მეორე, ადამიანი [მზია ამაღლობელი] ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს, მის მიმართ იყო შეურაცხყოფა, ერთი მოწმე არ ჰყავს, ერთი მტკიცებულება არ აქვს, ერთი არაფერი არ აქვს.
აქედან გამომდინარე, ადამიანმა ნებისმიერი ტყუილი შეიძლება მოიგონოს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება მოიგონოს ლაშა ცანავამ. რა უშლის ცანავას ხელს, რომ თქვას, ჩემთან შემოსული სუს-ის ხელმძღვანელი იყოო. რა უშლის? იტყვის! რა უშლის ხელს ცანავას, რომ თქვას, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩემთან მოსულიო? იტყვის ტყუილს. შემდეგ, რა უშლის ხელს ბაჩიაშვილს, რომ თქვას რაღაც ტყუილები? რა უშლის მზია ამაღლობელს, რომ თქვას, მე იქით არ გამიშვეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და დამარტყესო?“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ლაშა ცანავას განცხადებაზე თუ გამოძიება დასაწყებია, დაიწყება.
„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ესტონეთის ელჩი ზის პროცესზე, წინ უზის მოსამართლეს, რომელიც მისმა ქვეყანამ არასასურველ პირად გამოაცხადა. ასეთი ქცევით მუქარის გარემოს უქმნის სასამართლოში. შემდეგ ეგ ყველაფერი მიდის სტრასბურგის სასამართლოში და რატომღაც აღმოჩნდება, რომ ქართული მართლმსაჯულებაა მართალი და ისინი არა. ერთი ბოდიშიც არ მოგვისმენია. ევროკავშირის ელჩმა ბოდიში მოიხადა მიხეილ სააკაშვილზე ცრუ დემარშის გამო? ხომ არ მოუხდია? ასე დაბრალებით, რასაც უნდა, ვისაც უნდა დააბრალებენ. მერე თვითონვე იჯერებენ ამ ყველაფერს. მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ. შემდეგ ამაზე შექმნიან ლექსებსა და პოემებს. შემდეგ ამაზე მიდის ლოყების ხოკვა. შეუძლებელია, ასეთი არეული ღირებულებების მქონე ჯგუფები საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. „თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ და ბილეთებსაც თვითონ ყიდიან“ – გამონათქვამია ასეთი. თვითონ იგონებენ ტყუილს, შემდეგ ანერვიულდებიან, ემოციურ შოკში და დეპრესიაში ვარდებიან ამის გამო და იწყებენ პროპაგანდას რაღაც საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ლაშა ცანავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი, მის თანაგუნდელს, ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა.
ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
