შალვა პაპუაშვილი – ისევე როგორც ღვინოს, ჩვენს სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება

ისევე როგორც ღვინოს, ჩვენს სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება. როგორც ღვინო, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, რჩეული სითხე გადმოდინდეს და დაღვინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მეღვინეობა “ვაინ ერას” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების და გაძლიერების საქმეში ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მისი თქმით, არ არსებობს ქვეყნის ძლიერება ძლიერი ეკონომიკის გარეშე.
,, დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოში. ამ დილით ჩვენ თბილისში საზეიმოდ გავხსენით ჩვენი სახელოვანი, გმირი, თავდადებული მეფე ერეკლეს ძეგლი, რომელიც არის უტეხლობის, ბრძოლის, გამარჯვების და შენების სიმბოლო.
მისი ღვაწლი და ცხოვრება დღეს ყველა ქართველისთვის მაგალითად უნდა იქცეს, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები, ჩვენი ეროვნული მისია დღესაც ქვეყნის თავისუფლებასა და გამთლიანებას ისახავს მიზნად, ისევე, როგორც სამი საუკუნის წინ. საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების და გაძლიერების საქმეში ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს. არ არსებობს ქვეყნის ძლიერება ძლიერი ეკონომიკის გარეშე. ამიტომ, დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო ამ განსაკუთრებული ღვინის არნის გახსნაში, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა და გამთლიანების გზაზე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მეღვინეობა ჩვენი სოფლის მეურნეობის უმთავრესი, ყველაზე ტრადიციული და საამაყო დარგია, რომლის ფესვებიც ღრმადაა გადგმული საქართველოს თვითმყოფადობის განცდაში.
,,ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ერს, ჩვენს შთამომავლობას გადაშენება არ ემუქრება, ვიდრე მის მარნებში ღვინო დაიწურება. ისევე როგორც ღვინოს, ჩვენს სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება. როგორც ღვინო, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, რჩეული სითხე გადმოდინდეს და დაღვინდეს. ქვეყნის წინსვლა ისე ხელშესახებად არსად ჩანს, როგორც ახალ ეკონომიკურ გამარჯვებებში და მიღწევებში, რომელსაც ყველაზე კარგად გრძნობს და აფასებს ჩვენი ხალხი. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღგითქვათ გვერდში დგომა ქვეყნისთვის სასიკეთო ყველა წამოწყებაში. ჩვენ ყველამ ერთად, სხვადასხვა ფრონტზე, სხვადასხვა გზებით უნდა შევძლოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩემთვის, როგორც ამ კუთხის შვილისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში ღვინის წარმოება დღითი დღე უფრო მასშტაბური, პოპულარული და პრესტიჟული ხდება.
ღვინო გვასწავლის ცხოვრებას, ღვინო გვასწავლის შრომას და ღვინო გვასწავლის გამარჯვებას. მის დაყენებას სხვა გული, სხვა სიმშვიდე და სხვა მოთმინება სჭირდება. ღვინოა ჩვენი ზედაშე, ღვინოა ჩვენი ზიარება, ღვინოა ჩვენი სადღეგრძელო, წინაპრების დიდება და შთამომავლობის ლოცვა-კურთხევა. სიხარული, ხვავი, ბარაქა და გახარება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა