ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობას.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „შუა დერეფნის“ პროექტის განვითარების ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.