შალვა პაპუაშვილი – იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს – ეს ძირს გამოუთხრის თავად ასამბლეას, როგორც დიალოგის პლატფორმას

იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის მანდატების შეჩერების საკითხზე ოპოზიციის მიმართვას.
მისივე თქმით, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, ეს ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას.
„დიდი ხანია ჩვენი ოპოზიცია შადიმანებადაა ქცეული, ვინც საკუთარ ხალხს უპირისპირდება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, ყველაზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, ეს არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, რომელსაც მათ უსახავენ და ჩვეულებრივი მარიონეტები არიან. ამიტომ ეს წერილებიც იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მოსდით მითითება და ამ წერილებს აბრუნებენ, თითქოსდა, პარტიული პოზიციის გამოსახატად. ასევე, რასაც ჩვენ ვხედავთ, სამწუხარო ტენდენციაა, რომ საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ხდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვხედავთ, რომ რისკია, საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი, აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოში იმ რეჟიმის მხარდამჭერია, რომელმაც წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დახურვა მოიტანა. გახსოვთ სააკაშვილისთვის შენახული ცარიელი სკამი ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინო ქმედება იყო. ვხედავთ ამ მცდელობებს. იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს. ვნახოთ, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას და კიდევ ერთხელ დაანახებს ყველა წევრსა და ყველა მის მონაწილეს, რომ ის ჩვეულებრივად პარტიულ ინსტრუმენტად და იარაღად შეიძლება აქციოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.