ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს „ნაცობა“. „ნაცობას“ ასაკი არ აქვს. ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი, ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიაში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ინციდენტი იყო „ნახევარსაათიანი ფეიკი“.
„მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ნახევარსაათიანი ფეიკი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ სჩვევია ხოლმე. პირველადი მონაცემებით, გაირკვა რასთანაც იყო საქმე. თავად „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულ აქტივისტებს ჰქონდათ კონფლიქტი, დაუპირისპირდნენ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ წინასწარი მონაცემებით. „ნაცმოძრაობის“ 20-მდე აქტივისტი იყო და ორი ახალგაზრდა გამოესარჩლა ეკლესიის წარმომადგენელს. ამის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. 20 ადამიანს 2 თუ მოერია, „ნაცმოძრაობის“ საქმე კარგად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს „ნაცობა“. ასე რომ, „ნაცობას“ ასაკი არ აქვს. ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი, ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიაში. ასეთი ხალხია შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს, როგორიც სააკაშვილი და მსგავსები არიან.
ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ვხედავთ, არის საინფორმაციო შტურმი. ხომ გსმენიათ სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების შესახებ, ორი დღეა ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები ფეიკმედია და „ენჯეოები“, იმისთვის, რომ თავს დაესხან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ ამ ყველაფერს აღვრიცხავთ. ხედავთ, რომ გვაქვს სწრაფი რეაგირება, მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს. დღესაც მოწოდებული იქნება, რომ სწრაფად, ყველა საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. ვხედავთ, რომ დღეს არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების. ამიტომ ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ხორციელდება. ყველა ინფორმაცია, რაც ფეიკმედიიდან წამოვა, მოსახლეობა დაელოდოს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
