შალვა პაპუაშვილი – თუ იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვა უკეთესობისკენ არაფერს ცვლის, რამეს ხომ არც აფუჭებს? დაუჭირონ მხარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას – შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის

ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში წერია, რომ იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვა არის რეკომენდებული – რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, რამეს ცვლის თუ არ ცვლის, თუ უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ არც აფუჭებს? ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ეს რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საჯაროდ, ტელევიზიების წინ, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ კვლავ მსხვერპლად წარმოადგინონ საკუთარი თავი.
პაპუაშვილის განმარტებით, ეს საკითხი არის ტესტი იმისა, თუ რამდენად სერიოზულად ფიქრობს ოპოზიცია, რომ ჩაერთოს 9 რეკომენდაციის შესრულებაში.
„რაც შეეხება პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს, ორ საკითხს ეხება. ერთი, რომ იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულებების გაღება პარტიების მიმართ და მეორე, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა წლის განმავლობაში ხარჯისა კიდევ უფრო დაიწევს. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 0,1-დან დავწიეთ 0,05-მდე. ახლა პროექტის იდეა არის, რომ დაიწიოს კიდევ 0,01-ით და 0,04-ი იყოს.
რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსებას, ესეც გახლავთ ხანგრძლივი რეკომენდაცია, რომელიც გაიცემოდა ხოლმე ვენეციის კომისიის ან ეუთო-ს ფარგლებში. მათ შორის, ახლაც ბოლო დასკვნაზე, რომელიც შეეხებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს არის ეს რეკომენდაცია გაცემული. სხვათა შორის გამიკვირდა ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, თითქოს ეს მიმართული არის ოპოზიციის წინააღმდეგ, თუ ა.შ. იმიტომ, რომ როგორც სულ ახლახან ჩატარებული კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან ერთად ჩავატარეთ, ოპოზიციაც ესწრებოდა და იქ საუბარი გვქონდა და იქაც შევთანხმდით არავის ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონია. ასევე, ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა პირადობის მოწმობებს და ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, სადაც ასევე, ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი იქაც ამ საკითხზე საუბარი გვქონდა და ყველა შევთანხმდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „უფრო მეტი დრო დაუთმონ კითხვას და კერძოდ, წაიკითხონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ჭარბი ზემოქმედების თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა“.
„უპირველეს ყოვლისა, ოპონენტებს ვურჩევ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ კითხვას და კერძოდ, წაიკითხონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ჭარბი ზემოქმედების თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა. წაიკითხონ შიგნით რა წერია! რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა არის მხოლოდ ერთი იმ რამდენიმე ათეული ინიციატივისგან, რომელიც არის იმ სამოქმედო გეგმაში გაწერილი. ეს არის მხოლოდ ნაწილი და დასაწყისი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც განხორციელდება. რაც შეეხება თავად სამოქმედო გეგმას და იდეას, ეს გახლავთ ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებული და სისტემური მიდგომა და ის 7 მიმართულება, რომელიც დაასახელა ვენეციის კომისიამ – ზუსტად ის 7 მიმართულებაა გადმოტანილი, ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში წერია პარტიების დაფინანსება, ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში წერია, რომ იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვა არის რეკომენდებული. ამიტომ ჩვენ ამ ნაბიჯებს მივყვებით და ეს არის მიდგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, მათ შერჩევითი ევროპა მოსწონთ, ისეთი ევროპა, რომელიც მათ უნდათ, თუ მიყვებიან ობიექტურად ამ საკითხს, ხან მოსწონთ რეკომენდაციები, ხან არ მოსწონთ რეკომენდაციები.
შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის. ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან რომ იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები და კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს. აი, შავი ფული ეს არის. ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართულები და მათ შორის, თავშესაფარი რომ აქვთ მიღებული ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს, აი, ეს არის პრობლემა. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ. ეს შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორშიც.
რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, რამეს ცვლის თუ არ ცვლის, თუ უკეთესობისკენ არ ცვლის ხომ არც აფუჭებს? ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ეს რეკომენდაცია. აბა ვნახოთ, დაუჭირონ მხარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა“.

ასევე დაგაინტერესებთ