შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გააქტიურებას, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას დაეთმო.
„მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი რეგულაციები.
რეფორმებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში დაიგეგმა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ საუბარი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.