მინდა თამარ ტალიაშვილს მივულოცო აშშ-ში ელჩად დანიშვნა – მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნა არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.
„მინდა თამარ ტალიაშვილს მივულოცო აშშ-ში ელჩად დანიშვნა. ის ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა, მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ – გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 9 ივნისის განკარგულების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
