შალვა პაპუაშვილი – ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს

ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 9 აპრილს, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ენჯეოების“ დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე, თუმცა „ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“.
„ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე „ენჯეომ“ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.
მეორე დღეა, რაც ამ „ენჯეოების“ დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე.
მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.