ჩემი სურვილი იქნებოდა, კონგრესში მომხდარიყო გამოძიება, რა როლი ჰქონდა USAID-ს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, იცოდა თუ არა აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, რომ შედეგები იყო მცდარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2020 წელს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული გაყალბებაში, არამედ მათი დონორებიც.
მისი თქმით, USAID-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ISFED-ი ერთი თვის განმავლობაში ტირაჟირებდა, იყო მცდარი.
„შეგახსენებთ, თავად ამ ორგანიზაციებმა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, 4 ნოემბერს გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითეს, რომ ეს იყო ყველაზე არადემოკრატიული არჩევნები. მათი თქმით, ამის პირველი მიზეზი იყო შედეგების დაგვიანებით გამოცხადება, რაც იყო ტყუილი; მეორე ტყუილი იყო უბნების რვა პროცენტში ბიულეტენების მეტობა; მესამე ტყუილი იყო პარალელური დათვლის შედეგები. ყველაფერი, რაც ჩაწერეს ამ ორგანიზაციებმა, იყო ტყუილი. მაშინ ამის საფუძველზე მოხდა მღელვარება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ამის გამო შექმნეს აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების დონორებს ამაზე რეაქცია ჰქონოდათ, გამოეკვლიათ, გამოეძიებინათ, რასთან იყო საქმე, იყვნენ თუ არა ისინი შეკრული ოპოზიციასთან და მოქმედებდნენ ოპოზიციასთან შეთანხმებით, დაუმატეს ფული, გამოაცხადეს მთავარ დამკვირვებლებად და ხელისგულზე დაატარებენ.
ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ 2020 წელს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული გაყალბებაში, არამედ მათი დონორებიც. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დონორი იყო USAID-ი. მოგვიანებით გაირკვა, თავად ISFED-ის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ USAID-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ISFED-ი ერთი თვის განმავლობაში ტირაჟირებდა, იყო მცდარი. ამ შედეგებს, ინფორმაციას USAID-ი თითქმის ერთი თვის განმავლობაში უმალავდა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ქართველ ხალხს. დონორის მხრიდან ეს არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო პროცესებში და პირდაპირი მონაწილეობა სიყალბეში, რომელთანაც გვქონდა საქმე ISFED-ის შემთხვევაში.
ერთი თვე ISFED-ი ატყუებდა საზოგადოებას და კვლავ ყალბ რიცხვებს ასახელებდა, თითქოს ეს იყო სიმართლე. ეს იცოდა USAID-მა, რომელიც არ არის ჩვეულებრივი რაღაც ფონდი, ეს არის აშშ-ის სახელმწიფო სააგენტო, სამთავრობო სტრუქტურა, USAID-ი არის ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი. შემდეგ გაირკვა, რომ მათ იცოდნენ და არამხოლოდ არ ამბობდნენ, მანამდე შეხვედრებიც გვქონდა USAID-თან და გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი იყო სწორი, არანაირი შეცდომა არ იყო, ISFED-ის პარალელური დათვლა გადამოწმდა და შეცდომები არ იყოო. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწია აღიარება, ვინაიდან უკან არ დავიხიეთ,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა დონეზე აშშ-ის წარმომადგენლებს და სამწუხაროა, დღემდე მათგან პასუხი არ მიუღიათ და არცერთი კომენტარი არ გაკეთებულა ამ თემაზე.
,,კონგრესში როცა ვისმენთ, თითქოს დეზინფორმაცია ვრცელდება, მაინტერესებს, ისინი დეზინფორმაციას თუ დაარქმევენ იმას, რომ USAID-მა იცოდა და მალავდა სიმართლეს, სიმართლეს უმალავდა ქართველ ხალხს, ასევე ხელისუფლებას. ამიტომ ჩემი სურვილი და მოლოდინი იქნებოდა, განსაკუთრებით კონგრესში მიმდინარე განხილვების ფონზე, ზუსტად კონგრესში მომხდარიყო გამოძიება იმ ფაქტის, თუ რა მოხდა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში, რა როლი ჰქონდა USAID-ს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, USAID-ის მიღმა, კიდევ ვინ იცოდა ამის შესახებ, იცოდნენ თუ არა აშშ-ის ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა. როგორც იცით, USAID-ი არის სამთავრობო უწყება და ის განთავსებულია აშშ-ის საელჩოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, იცოდა თუ არა მაშინდელმა ელჩმა იმის შესახებ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. მაშინდელი ელჩი ჩართული იყო ფასილიტაციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, იყო გარკვეული მედიატორი. რა თქმა უნდა, თუ აღმოჩნდება, რომ მედიატორმა იცოდა სიმართლე და ამ სიმართლეს უმალავდა მხარეებს, ეს აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს მთელ პროცესს, რომელიც მაშინ გვქონდა მედიაციასთან, შემდეგ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. თავდაყირა დააყენებს იმ როლს, რომელიც მაშინ ჰქონდა სხვადასხვა დიპლომატს ამ პროცესში. ამიტომ ჩემი მოლოდინი იქნებოდა, ნაცვლად იმ ანტიქართული რიტორიკისა, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის უცხოელი კოლეგებისაგან, დემოკრატიული პროცესი მოითხოვდა, აშშ-ის კონგრესმა ჩაატაროს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რა როლი ჰქონდა USAID-ს პარალელური დათვლის სწორი შედეგების არგამჟღავნებაში და მცდარი შედეგების ტირაჟირებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.