იგივე კითხვა მინდა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? ვფიქრობ, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას, პასუხი გაეცეს და ამ პასუხში ჩვენ დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ბალტიის რეგიონში.
შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, ბალტიის სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს.
„რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ასე გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა, რომ ამ სამ სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ასეთი მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ამის ახსნაც არსებობს, მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ ბალტიის ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ და დადგნენ ამ შიშების პირისპირ, ცდილობენ რაღაც რისკები სხვა ქვეყნების მეშვეობით აიცილონ. ამ შემთხვევაში, საქართველო ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი რისკების თავიდან აცილებისთვის. ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე, ვიცით, რომ რადიკალური NGO-ები რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. აი, ეს არის, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, “ქალბატონი ექსპრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ყოფნით შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს”. მისივე თქმით, როგორც დაანონსდა, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში, სხვებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც „ალბათ, ერთობლივ ტრენინგ-სემინარს ჩაუტარებენ – როგორ დააზიანონ საქართველო“. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ბალტიისპირეთის ამ სამი სახელმწიფოსგან არანაირ სიკეთეს არ ელის.
„როგორც არ უნდა შეიკრიბონ, გადანაწილდნენ, „შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება“, ვინაიდან, მოღალატეს მიუმატებ აგენტს, თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს, მათთვის ჯამი არის ერთი. მათ აირჩიეს ღალატის გზა, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლის გზა, ეს გზა არის ჩიხი. ყველა, ვინც კი ისტორიულად ამ გზას დაადგა, ეს იქნებოდა ორჯონიკიძე თუ სხვები, საბოლოო ჯამში, ყველამ ცუდად დაამთავრა. ასე რომ, ღალატი ყოველთვის არის ჩიხი. 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები… ისიც, ხომ გარედან მართული იყო, ორჯონიკიძისთვისაც რომ გეკითხათ, ალბათ, იტყოდა, საქართველოს გულანთებული პატრიოტი ვარო. ზუსტად ამას აკეთებენ ესენიც. დადიან საზღვარგარეთ. ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ გულანთებული პატრიოტები არიან, სინამდვილეში, თავიდან ბოლომდე, იმართებიან უცხო ქვეყნების და უცხო ძალებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ პოსტს, რომელიც მან საქართველო-სომხეთის მატჩის შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დაწერა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი ბოდიშს უხდის სომხეთს, „მეზობელ ხალხს,ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის“.
„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ, ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ზოგადად, ახასიათებთ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ – იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან. ამიტომ,საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, [ეს] აჩვენებს, რომ ქართული ენა, მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად, რა ტერმინი და სიტყვა უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ როგორია, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
