ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ, ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „იმის თქმა, რომ საქართველო მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ აკეთებს, სწორი არ არის“.
„ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ისეთი წარმოჩენაა, თითქოს, საქართველოს ყველაფერს სთავაზობენ, ეს იქნება ევროკავშირი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და თითქოს, საქართველო რაღაცებზე უარს ამბობს. სინამდვილეში, პირიქითაა, უკვე წლებია, მდგომარეობა პირიქითაა, ჩვენ დიდი ხანია, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვითხოვთ, თუკი ეს სტრატეგიული პარტნიორობაა, თანაბარი დამოკიდებულება იყოს. ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სწორი, საპასუხო ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც არ სჭირდებოდეთ ვიზა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შევიდნენ. ასევე, თავისუფალი ვაჭრობისა და სხვა საკითხები, რომლებიც, თუკი, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ასეც უნდა იყოს, არაბუნებრივია, რომ ეს ასე არ არის, ვინაიდან თუკი, ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორობას ვეძახით, მაშინ ეს უნდა იყოს სხვა, უფრო მაღალი დონის ურთიერთობა, ვიდრე ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებთან. ამიტომაც, სინამდვილეში საქმე პირიქითაა, ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ, ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს, ყველაფრისთვის არსებობს ობიექტური წინაპირობა. მოლაპარაკებების გახნას რაც შეეხება, იმ პირობებში, როცა ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას აქვს გახსნილი, უფრო სწორად გადაწყვეტილებაა მიღებული მოლაპარაკებების გახსნაზე და როდესაც ყველა ამ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრში და ქართველი ხალხი ამ მხრივ იჩაგრება, მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, აქეთ შემოდავება, თითქოს, საქართველო საკმარისს არ აკეთებს მოლაპარაკებებისთვის, ეს უბრალოდ, სწორი არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.