შალვა პაპუაშვილი – „ენჯეოები“ არ დააკვირდებიან არჩევნებს და სურთ შექმნან აღქმა, თითქოს არ იყო დაკვირვების შესაძლებლობა, რაც სრული სიცრუეა – არ აპირებენ, როგორც ამომრჩევლებმა მიიღონ მონაწილეობა, რაც ადასტურებს, რომ სრულად რადიკალიზდნენ

„ენჯეოების“ ხელმძღვანელები არ აპირებენ, როგორც ამომრჩევლებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არ დააკვირდებიან არჩევნებს, რითაც სურთ შექმნან ისეთი აღქმა, თითქოს არ იყო არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არის სრული სიცრუე.
“მთლიან ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან არიან დაფინანსებული და, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ მათი პირდაპირი განცხადებები, რომ ერთი მხრივ, ისინი არ დააკვირდებიან არჩევნებს და ამით მათ სურთ შექმნან ისეთი აღქმა, თითქოს არ იყო არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არის სრული სიცრუე. ვერ დაასახელებენ ვერცერთ მიზეზს, რატომაც ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც წინა არჩევნებზეც გამოირჩეოდნენ უბნებზე დაკვირვების სურვილით, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დაჰკვირვებოდნენ წლევანდელ არჩევნებს.
თუ კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მათ დონორების მხრიდან აქვთ დაბალი დაფინანსება, მიემართათ გრანტების სახელმწიფო დაწესებულებისთვის, რომელიც იცით, რომ უკვე ამოქმედდა გრანტებთან დაკავშირებით ან თუნდაც მიემართათ ქართული ბიზნესისთვის ან სხვებისთვის, როდესაც ხშირად საუბრობენ, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა სხვადასხვა სექტორიდან, ბოლო-ბოლო მათგან მიეღოთ თანხები და ბოლო-ბოლო, უფასოდ რომ დაჰკვირვებოდნენ, ნეტა ამით რა დაშავდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, აქაც მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებები აქვთ ზოგიერთ მილიონერ ენჯეოებს.
გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ ამ ენჯეოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი პირადად, ამ შემთხვევაში ენჯეოების ხელმძღვანელები, არ აპირებენ, როგორც ამომრჩევლებმა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები და მისი ხელმძღვანელები გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან, სრულად რადიკალიზდნენ და დემოკრატიული მეთოდების მიღმა არიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და რა გავითვალისწინოთ? ჩვენ არაფერი გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული