პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა.
როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეს.
„საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.
ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.
საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეც მონაწილეობდნენ.