ევროპის ნატამალიც არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორების მხრიდან, ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვისა, უფრო მეტიც – საბჭოთა სტილი, რომ აიკრძალოს დისკუსია [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე] – თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ რამეზე შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, საგნობრივ დისკუსიაში შევლის ნაცვლად, კანონპროექტს იარლიყებს აკრავდნენ.
„ორი თვეა, მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, დისკუსია მიდის. ყოველ დღე ჩვენ ვცდილობდით, შემოგვეყვანა საგნობრივ დისკუსიაში როგორც ოპოზიცია, ისე „ენჯეოები“ და უცხოელი აქტორები. ნაცვლად საგნობრივი დისკუსიისა, ვიღებდით ყრუ კედელს ლოზუნგებისა, სლოგანებისა და იარლიყებისა. ამ იარლიყებს აწებებდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ შემოსულიყვნენ დისკუსიაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან, მიაკრეს იარლიყი ამ კანონპროექტს, დაბლოკეს მსჯელობა და ევროპული დემოკრატიული პროცესი. ეს იყო რუსული სტილი, რასაც 2 თვე ვუყურებდით, როდესაც დისკუსიის შიშით იარლიყის მიკერება მოხდა ამ კანონპროექტის მიმართ. თუ ახლა, უცხოელი აქტორი იქნება, „ენჯეო“ თუ ნებისმიერი, ვისაც ინტერესი აქვს, დათანხმდება იყოს შინაარსობრივი მსჯელობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მათ შორის, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ თუ ამ შინაარსობრივი მსჯელობის შედეგად რაიმეზე შევჯერდებით, ასახული იყოს ვეტოს მეშვეობით კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში – ორი კვირა წინაა და თუ ახლა მაინც არიან მზად შინაარსობრივი დისკუსიისთვის და არა ყვირილისთვის… ყვიროდა ყველა – ოპოზიცია, „ენჯეო“, უცხოელი აქტორები, იარლიყებს აკრავდნენ. აქ ევროპის ნატამალიც არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორების მხრიდან. ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვისა. უფრო მეტიც – საბჭოთა სტილი, რომ აიკრძალოს დისკუსია. თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ რამეზე შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.