შალვა პაპუაშვილი – ევროკომისიის შეფასებით, ერთი თავის შემთხვევაში არის უკუსვლა, რის მიზეზადაც კომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონის მიღებასა და ლგბტ პრაიდის ვერჩატარებას

ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინებით.
„ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეო სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერჩატარებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც.
ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე, ამ ეტაპზე,საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.