შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ -კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ

ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ-კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ. დარწმუნებული ვარ, კულტურული დიპლომატია შეიტანს გადამწყვეტ როლს ამ სივრცის საბოლოო აღდგენაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ევროპის როლზე და აღნიშნა, რომ ევროპის განვითარების ყველა ეტაპზე საქართველო იყო ამ განვითარების თანამონაწილე.
„საქართველო ისტორიულად, ყოველთვის არა მხოლოდ თვლიდა საკუთარ თავს ევროპული სივრცის ნაწილად, არამედ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ვართ ევროპული კულტურის თანაშემოქმედნი. იმ კულტურის, რომელიც ჯერ კიდევ ელინისტური სამყაროდან მოდის და ეს კავშირი, ღვაწლი, წვლილი ევროპის ჩამოყალიბებაში მთელ ისტორიას გასდევს. დაწყებული ღვინიდან, თაფლიდან, ხორბლიდან, სხვადასხვა ნაწარმიდან და დასრულებული იმით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალები იყვნენ არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში, ჰქონდათ საარჩევნო უფლება. ასე, რომ ევროპის განვითარების ყველა ეტაპზე საქართველო იყო ამ განვითარების თანამონაწილე. ჩვენი მოლოდინი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის, არის სწორედ ამ პერსპექტივიდან დანახული, რომ ჩვენ გვინდა კვლავაც ევროპის განვითარების თანამონაწილე ვიყოთ. გვსურს ევროკავშირის სამ ოფიციალურ დამწერლობას დაემატოს მეოთხე ოფიციალური დამწერლობა ქართულის სახით, ევროკავშირის 24 ენას დაემატოს ოცდამეხუთე -ქართული ენა. ჩვენ, ეს წვლილი არამხოლოდ ენობრივად, კულტურულად, სამართლებრივადაც შევიტანოთ ევროკავშირის განვითარებაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია კულტურული დიპლომატია, რომელიც საპარლამენტო დიპლომატიის აქტიური ნაწილია, რასაც ამ მოწვევის პარლამენტი აქტიურად იყენებს.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა კულტურის კომიტეტის საქმიანობაზე და საკონსულტაციო საბჭოს როლზე.
„მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე, ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც საბოლოო ჯამში არის ქვეყნის, ერის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ კულტურის კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას, სწორედ ეს არის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მაგალითი, როდესაც კომიტეტთან არსებული საბჭოები ჩართული არიან პოლიტიკის შემუშავებაში. მადლობა კულტურის კომიტეტს, რომ ამ პოლიტიკურ ორომტრიალში ყოველთვის დაგვაფიქრებს იმ ღირებულებებზე, რომელსაც არა აქვს დრო და გეოგრაფიული განზომილება, რომელიც მუდმივია და უნივერსალური, რადგან კულტურის ენა გასაგებია ყველასთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეული სტუმრებმა. პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი დავით ჩიკვაიძე, ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი , საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ვალვო, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი.