შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება

ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს , -ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბელგიაში ევროპის კოლეჯის რექტორის, როკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის დაკავება.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული დაფინანსებაც არის კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგი.
„აქ გასაკვირი არაფერია. ეს არ არის ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან დაკავშირებით პირველი სკანდალი. როგორც ჩანს, კორუფცია ჩვეული მოვლენა არის. ჩვენ მანამდე ვნახეთ იუსტიციის კომისრის, ევროპარლამენტის წევრების წინააღმდეგ საქმეები. ასე, რომ ბელგიის პოლიციას ბევრი საქმე აქვს ამ მხრივ. ვხედავთ, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს. ჩვენც ეჭვი გვაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული დაფინანსებაც არის პირდაპირ კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგი. არსებობს ეჭვი, რომ აქ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსება. გაუმჭვირვალობის და ფარულობის სურვილით ჩანს, რომ შესაძლოა, იყოს ასევე კორუფციის კვალის წაშლა და იმ მტკიცებულებების არ გამოაშკარავება საზოგადოებისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ მაგალითად, საქართველოში თანხების განაწილება ხდება მიკერძოებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბელგიაში პოლიციამ ევროპის კოლეჯის რექტორი, ფედერიკა მოგერინი დააკავა. „ფრანს-პრესის“ ცნობით, პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ