შალვა პაპუაშვილი – დღეს რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რთავთო, რატომ ჩარიეს თავის დროზე? – წიხლით გვტენიდნენ ომში

დღეს რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რთავთო, რატომ ჩარიეს თავის დროზე? – ქართველები გამოგზავნეთ, აქ უნდა იომონო , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს ასეთი გამოხმაურება იმიტომ მოჰყვა, რომ „საკუთარ დანაშაულს ჩახედეს თვალებში“.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს ბანერებს ყველამ უნდა შეხედოს, განსაკუთრებით, მათ ვინც საქართველოს უბიძგებდნენ იმ სცენარისკენ, რასაც ბანერებში ვხედავთ.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბანერები იყო, რაც ჩვენ გვაქვს და ყველამ უნდა შეხედოს ამ ფოტოებს, განსაკუთრებით, მათ ვინც ამ ქვეყანას უბიძგებდნენ იმ სცენარისკენ, რასაც ჩვენ ამ ბანერებში ვხედავთ. გვიბიძგებდნენ იმისკენ, რომ ის ფერადი რეალობა და უსაფრთხოება, რომელიც ჩვენ გვაქვს შეცვლილიყო იმ რეალობით, რომელიც შია. ჩვენ ასეთი სურათები არა მხოლოდ უკრაინაში გვაქვს ნანახი, არამედ საქართველოშიც. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს დანგრეული სკოლა, გზა და ხიდი.
ვინ გვიბიძგებდა ამ ომისკენ? – გაიხსენეთ 2022 წლის თებერვალი და მარტი. აქციები ხომ გახსოვთ? პარლამენტში ვიყავი და მახსოვს აქციები პარლამენტის წინ. ვინ ატარებდა ამ აქციებს?- ამ აქციებს ატარებდა ოპოზიცია. ამ აქციებს მართავდნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერი, ამ აქციებზე იდგა მაშინდელი სახალხო დამცველი (ნინო ლომჯარია), ამ აქციებში ერთვებოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები. რას ითხოვდნენ ამ აქციებზე?- ითხოვდნენ ომში გაგვეგზავნა მოხალისეები. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ ხალხს საჯაროდ მოუწოდა – მიდით, პარლამენტის შენობასთან და თქვენს ხელისუფლებას მოსთხოვეთ, გამოაგზავნონ ომში მოხალისეებიო. დღეს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რთავთო, რატომ ჩარიეს თავის დროზე? ქართველები გამოგზავნეთ, აქ უნდა იომონო.
გახსოვთ, ევროკავშირის სანქციების შეერთებას რომ გვთხოვდნენ. ამას 2022 წლის მარტში ითხოვდნენ. ასევე ითხოვდნენ საზღვრების დაკეტვას, ცის დაკეტვას და ა.შ. როცა სანქციებს ითხოვ, სამხედროების გაგზავნას ომში, რომელმა ქვეყანამ გააგზავნა ოფიციალურად თავისი მოქალაქეები ომში? ჩვენგან რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს? – წიხლით გვტენიდნენ ომში.
იცით, ამ ბანერებზე ისტერია რატომ დაემართათ? იმიტომ, რომ საკუთარ დანაშაულს ჩახედეს თვალებში“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ ვის დაემართა ისტერია, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ოპოზიციას და არასამთავროებს, რომლებიც „იმ სცენარისკენ გვიბიძგებდნენ, რაც უკრაინაში მოხდა“.
„ასე რომ თავიანთ დანაშაულს უყურებენ თვალებში და ამიტომაც აქვთ ეს რეაქცია. ყოველდღე უნდა შეხედონ. საქართველოს ყველა მოქალაქემ და, განსაკუთრებით მათ, ვინც ამისკენ გვიბიძგებდნენ. უნდა შეხედონ რისკენ გვიბიძგებდნენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას