დღეს აშშ-სა და ბრიუსელს შორის ღირებულებითი უფსკრული არსებობს – მას შემდეგ, რაც აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარეს, ხოლო ბრიუსელი მთელს ამ პროცესს ჩამორჩენილია, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში დასძინა, რომ „ევროკავშირი ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს სამყაროშია“.
„ყველა ძალადობას გმობს, ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდის და ძალადობას უჭერს მხარს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და იმ „ენჯეოებს“ აფინანსებს, რომლებიც დემოკრატიული ჩარჩოებიდან არიან გასული. „ენჯეოები“, რომლებიც იმის შესახებ საუბრობენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩაშალონ და 4 ოქტომბრის ძალადობის ორგანიზების მონაწილეები არიან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ხოლო ელჩი ქართველ ხალხს იმის ღირსადაც არა თვლის, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
