შალვა პაპუაშვილი – დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია

მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება სიტყვა წარმოვთქვა დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც სახელმწიფოს სახელით ვაჯილდოვებთ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია.
,,თითოეულ თქვენგანს მსურს პირადად მოგილოცოთ ჯილდოს მიღება, რაც ერთის მხრივ არის აღიარება და დაფასება თქვენი მრავალწლიანი შრომისა, გარჯისა და ღვაწლისა, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის ხაზგასმა ხელოვნებისა და კულტურის როლისა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს მოქალაქეები ნათლად უნდა ხედავდნენ ხელოვნების განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოში, რადგანაც სწორედ კულტურაა ჩვენი ყოფიერების ის მწვერვალი, რისთვისაც ვზრუნავთ, ვშრომობთ და ვვითარდებით.
დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია. ეს პირობები ყველასთვისაა და ყველა სარგებლობს საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარებისა და გამოვლენის საშუალებით, რაც ჩვენი კონსტიტუციითაც დაცულია. შემოქმედების პროცესი წარმოადგენს ყოფიერების ყველაზე შინაარსიან გამოვლენას. სახელმწიფო აფასებს კულტურისა და ხელოვნების იმ მიღწევებს, იმ შემოქმედებას, რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული წვლილი შეაქვს ჩვენს მრავალათასწლოვან სალაროში, რომელსაც ქართული კულტურა ეწოდება.
ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი ამდიდრებს ჩვენს საუნჯეს, წარმოადგენს ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, გვეხმარება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ. ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება საკუთარი შესაძლებლობისა და უნარის ფარგლებში ვიზრუნოთ ქართულ კულტურაზე – ვინ შემოქმედებით, ვინ ხელშეწყობით, ვინ დაცვითა და ვინ გამრავლებით.
ყველას გისურვებთ ნაყოფიერი შემოქმედების კიდევ მრავალ წელს და პირნათლად დატოვებულ კვალს, რომელიც სამაგალითო გახდება მომავალი თაობებისთვის,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: პრემიერ-მინისტრმა მ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ა(ა)იპ „თორაძე ფაუნდეიშენის“ დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე, საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე, კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მომღერალი ნატო მეტონიძე, ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი – თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია, ა(ა)იპ „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე, სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის“ ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი – ირაკლი მათიკაშვილი.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.