ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპსუხა კითხვას, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადების ამონარიდის წაკითხვის თაობაზე.
პაპუაშვილის თქმით, კარგია თუ მმართველი პარტიის ციტატებს კითხულობენ, რადგან იქ „ქართული ოცნების“ მთავარ მიზანსაც ამოიკითხავენ.
„კარგია, თუ ჩვენს ციტატებს უყურებენ. ისინი ასევე ამოიკითხავენ, რომ მთავარი მიზანი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას,“ ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, ამიტომ, ეს ციტატებიც შეუძლიათ წაიკითხონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების “მანიაკალურ სურვილს”, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, “სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ”.
„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.
უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა”, – განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.