ბატონი გახარია და საერთოდ ეს პარტია ძალიან აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და „ლეიბორისტული პარტიის“ ნიშას, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიცია, რომელიც მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, „პროცესს რამდენიმე თვე“ დასჭირდეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს სწორედ შალვა ნათელაშვილის მეთოდია.
„უკვე ყველანაირად დაემსგავსნენ „ლეიბორისტულ პარტიას“ და შალვა ნათელაშვილს. ეს ნათელაშვილის მეთოდია. თუ სწორად გავიგე, მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა – შალვა ნათელაშვილს მეთოდი გახსოვთ, ყველა პარლამენტში ასე აკეთებდა, არ შედიოდა, მერე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილს წერდა: „ე.წ. პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს“ და რაღაცებს ითხოვდა ხოლმე. გიორგი გახარიამ დღეს სინამდვილეში შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა. პარტიულადაც ასე არიან, როგორც „ლეიბორისტულ პარტიაში“ ნათელაშვილის მინიონები ჰბაძავდნენ მას მანერებით, მის პარტიაშიც ვხედავთ, რომ მისი მინიონები პირდაპირ ჰბაძავენ გიორგი გახარიას. ჩვეულებრივად ჩაანაცვლა. ეტყობა გარკვეულწილად ასეთი ნიშანი არსებობს ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც „ნათელაშვილის ნიშა“ არსებობდა. ვინაიდან მისმა რეიტინგმა დაიწია, ახლა მისი „წმინდა ადგილი“ თავისუფალი არ რჩება და მის ადგილს წარმატებით იკავებს გიორგი გახარია ყველაფერში როგორც მანერით, ისე პოლიტიკური სტილით და გადაწყვეტილებებით. ალბათ, შემდეგ მომწერს: „ე.წ. პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს“… და აი, ასეთ ცირკთან გვექნება საქმე. ადამიანი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ამ დონეზე რომ დაეშვება, რაღაზე უნდა გვქონდეს იქ საუბარი. თქვეს სიტყვა, მანდატებზე უარს ვიტყვითო? შეასრულონ ეს სიტყვა, თუკი თავისი თავისი სიტყვის შემსრულებლები არიან. 25 ნოემბერი დადგება, დღის მეორე ნახევარი და ვნახავთ ამ ოპოზიციას რამდენად შეუძლია საკუთარი სიტყვის შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ 25 ნოემბერს საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს არ იტყვის.
„ის სპორტული აფერისტობა, რაც უნდათ შემოგვთავაზონ შესვლა-არშესვლის სიტყვების თამაშით, თითქოს პარლამენტში შემოსვლა გულისხმობს პარლამენტის შენობაში ფეხის შემოდგმას და ისინი თუ პარლამენტის კედელთან დადგებიან, შემოსული არ იქნებიან, ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებსიმიტომ, რომ მათი არარადიკალი მხარდამჭერების არ დაიჯერება. მანდატებზე უარს ვამბობთო, ხომ თქვეს? მანდატებზე როგორ იტყვიან უარს, 25 ნოემბერს გამოჩნდება. მანდატებზე უარის თქმა ხდება არა აქ შემოსვლით, შემოფრენით, ჩამოხტომით და პარლამენტის კედლების მოფერებით, არამედ განცხადების დაწერით. 25 ნოემბერს ვნახავთ გახარიასაც, ხაზარაძესაც, გვარამია-მელიასაც. გვარამიამ ჭკუა იხმარა და სიაში არც არის. მას არ მოუწევს განცხადების დაწერა, მაგრამ მელიას ხომ მოუწევს? ასევე ქალბატონ თინა ბოკუჩავასაც და მის გუნდს. 25 ნოემბერს ვნახავთ, როგორ დაწერენ განცხადებას მანდატზე უარის თქმის თაობაზე. რაც მთავარია, მათი მხარდამჭერები პირდაპირ ნახავენ, რას და ვის მისცეს ხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მათ ოპოზიციას ის ხელფასიც აკმაყოფილებთ, რომელიც როგორც პარლამენტის წევრს აქვთ და ასევე, დაფინანსებაც, რომელიც პარტიას ექნება.
„უპირველეს ყოვლისა, ამაზე არ იტყვიან ისინი უარს იმიტომ, რომ ამას კარგავენ, თუკი მანდატებზე უარს იტყვიან. რაც შეეხება სხვა მის ჭორაობას, რომლითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის დაკავებული, მისი შალვა „ნათელაშვილიზაცია“ ამით საბოლოოდ დასრულებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ “პროცესს რამდენიმე თვე” დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.
„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.