შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სუს-ის განცხადებაზე – ეს აჩვენებს რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს და რომ ყველაფერზეა წამსვლელი – ცემასთან დაკავშირებულ ცრუ ნარატივში ჩართული იყო დიდი კრიმინალური კონგლომერატი

ცემასთან დაკავშირებულ ცრუ ნარატივში ჩართული იყო ადგილობრივი მედია, ოპოზიცია, ოპოზიციის კუთვნილი მედია, ოპოზიციის კუთვნილი NGO, ოპოზიციის მფარველი უცხოელები და ოპოზიციის მფარველი უცხოელების კუთვნილი მედია – ეს არის ერთი დიდი კრიმინალური კონგლომერატი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი არის კრიმინალური ენერგიის მქონე ადამიანი, რომელსაც დიდი ოდენობით მოპარული ფული საშუალებას აძლევს მოისყიდოს როგორც ციხის ხელმძღვანელობა, ასევე იყიდოს სტატიები ისეთ უცხოურ მედიაში, როგორიც „გარდიანია“.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, რომელმაც ჯერ ასობით მილიონი გააქრო, შემდეგ ლამის თავისი ხელით გადააკეთა მანქანა, გდრ-დან ფედერაციულ რესპუბლიკაში რომ იპარებოდნენ, რაღაც ამხელა აგენტურული სცენა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა და ახლა ვხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის. ეს აჩვენებს რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზეა ეს ადამიანი წამსვლელი. მეორე, ეს აჩვენებს, ვიღაც აძლევს საშუალებას რომ ფული, რომელიც მას აქვს თაღლითურად მოპარული, გამოიყენოს. დიდ თანხებზეა საუბარი და მას ეძლევა საშუალება, რომ მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო ნაყიდი სტატიები „გარდიანში“ და კიდევ ერთ გაზეთში ამერიკაში – ვის აინტერესებს ბაჩიაშვილი ლონდონსა და ნიუ-იორკში – ეს იყო ნაყიდი სტატიები და მათ შორის ესეც აჩვენებს სქემას, როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსებისა, რომლებიც მას გამოესარჩლნენ და მედიებისა. ეს არის ნაყიდი მედია, რომელიც კოორდინირებულად აწევს თემას რომელიც მას უნდა, გააქრობს თემას, რომელიც არ უნდა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ჩართული ამ დანაშაულში, გამოძიება იმისთვის არის, რომ ყველა მისი მონაწილე დაადგინოს და ამ ეტაპზე, ვინც დაადგინა, სწორედ ის ადამიანია დაკავებული. მილიარდ ნახევარი აქვს ადამიანს მოპარული და სადღაც დასაწყობებული. სწორედ ამ ფულს იყენებს, რომ კრიმინალური გზით მიღებული თანხები შეინარჩუნოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე უნდა გამოიკითხოს თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით , პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არავისი რჩევა- დარიგება არ სჭირდება.
„არ მგონია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სჭირდებოდეს ჩვენი რჩევა- დარიგებები, თუ როგორ აწარმოოს გამოძიება. ვხედავთ, რომ ძალიან სწორად და პროფესიონალურად აწარმოებენ გამოძიებას და სწორედ ამის შედეგია ბევრი რამ, მათ შორის ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ამას ბევრი აქტორი ჰყავდა, ცემასთან დაკავშირებულ ცრუ ნარატივში ჩართული იყო ადგილობრივი მედია, ოპოზიცია, ოპოზიციის კუთვნილი მედია, ოპოზიციის კუთვნილი NGO, ოპოზიციის მფარველი უცხოელები და ოპოზიციის მფარველი უცხოელების კუთვნილი მედია, ეს არის ერთი დიდი კრიმინალური კონგლომერატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს.
სუს-ის თანახმად, ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გ.ქ.-მ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავეა ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს