შალვა პაპუაშვილი – გაუქმდება მუდმივმოქმედი საბჭოები – ვქმნით დროებით კომისიას, უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს

დროებით კომისიას ვქმნით უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს – იქნება შესაძლებლობა, რომ მან მუდმივმოქმედი საბჭოებისთვის თემატიკა ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული ინსტრუმენტი, ძველი რეგლამენტით, ფაქტობრივად, არ გამოიყენებოდა.
პაპუაშვილის თქმითვე, ახალი რეგლამენტით, გაუქმდება მუდმივმოქმედი საბჭოები.
„კონსტიტუციით გათვალისწინებულია დროებითი კომისიები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიქმნას, საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. ეს ინსტრუმენტი პარლამენტში, ფაქტობრივად, არ გამოიყენებოდა და ამის ნაცვლად წინა რეგლამენტით შემოღებული იყო სხვა ინსტრუმენტები, როგორიც იყო მუდმივ-მოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა და ა.შ. მთავარი მიზეზი, რის გამოც არ გამოიყენებოდა იყო ის, რომ რეგლამენტში სხვა დროებით კომისიებს ეთმობა ფაქტობრივად, 2-3 მუხლი და ძირითადად, არის მითითებები საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებას, შინაარს და ა.შ ართულებდა.
ამიტომ, დროებით კომისიას ვქმნით უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს. უპირატესობა ისაა, რომ როგორც საგამოძიებო კომისია, დროებითი კომისია პარიტეტის პრინციპით იქმნება. ანუ ნახევარ-ნახევარზე არის უმრავლესობა და ოპოზიცია. შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას ასეთი სახის კომისიაში უფრო პლურალისტური, კონსენსუსზე ორიენტირებული მუშაობა იყოს. იქნება შესაძლებლობა, რომ მან მუდმივმოქმედი საბჭოებისთვის თემატიკა ჩაანაცვლოს.
ახალი რეგლამენტით გაუქმდება, ბავშვთა უფლებების საბჭო და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო. ზოგადად, გაუქმდება მუდმივმოქმედი საბჭოები. ფაქტობრივად, ეს კომიტეტის გარკვეული ასლი იყო. ამის ნაცვლად, იქნება მოქნილი ინსტრუმენტი – დროებითი კომისია, რომელმაც შეიძლება ასეთი სახის თემატიკაზე შეიქმნას. დაგეგმილი გვაქვს, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე დროებითი კომისია შევქმნათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, ახალი რეგლამენტით სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, ძველი ფორმატი დაბრუნდება. მისივე თქმით, საჭიროა, არსებობდეს ფორმატი, სადაც არა ფორმალურ, ოფიციალურ არამედ, სამუშაო რეჟიმში მოხდება საკითხების განხილვა.
„რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ცვლილების შედეგად, ფაქტობრივად, სამუშაო ჯგუფები კომიტეტის საქმიანობას დაემსგავსა მისი, როგორც ლოჯისტიკური ნაწილი, ასევე ბიუროკრატიული ნაწილი. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, სამუშაო ჯგუფები არც იქმნება ხოლმე. არადა, საჭიროა, არსებობდეს ფორმატი, სადაც არა ფორმალურ, ოფიციალურ არამედ, სამუშაო რეჟიმში მოხდება საკითხების განხილვა. როგორც იტყვიან, „ხმამაღლა ფიქრის უფლება“, როდესაც საშუალებაა, რომ სამუშაო ჯგუფმა, სამუშაო გარემოში უფრო ხმამაღლა, თამამად ისაუბროს და იმუშაოს სხვადასხვა საკითხზე. ის თავის მხრივ, ჩაანაცვლებს თემატური მოკვლევის შესაძლებლობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ახალი რეგლამენტით, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, ინსტრუმენტის ეფექტიანობა გაიზრდება.
„ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში პარლამენტში 700 საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, საიდანაც 9 წინადადება იქცა კანონად, რაც ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო წინადადების 99% უშედეგოა. აქედან გამომდინარე, სისტემა შეიცვლება და საკანონმდებლო წინადადებების ადრესატი, ნაცვლად, კომიტეტების, პარლამენტის თითოეული წევრი გახდება, რათა მოხდეს დაინტერესება, რომ შემდეგ წინადადება მათ აქციონ ინიციატივად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.