როგორც სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, მედია სტანდარტთან მიმართებითაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას – შუქნიშანი გამორთულია, უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს წესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს მმართველი პარტიის ლიდერებს მედიასთან ხშირი კომუნიკაცია აქვთ, სხვა ქვეყნის ლიდერებისგან განსხვავებით.
„მე გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის არცერთ თავმჯდომარეს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფართო სპექტრთან, როგორც მაქვს მე. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრს ისე ხშირად არ აქვს მედიასთან კომუნიკაცია, როგორც ეს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი, ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი გვისწრებს, ყოველდღე აქვს მედიასთან კომენტარები, თუმცა სხვა მხრივ რომ შეხედოთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ლიდერები არიან მედიასთან არა უბრალოდ ბრიფინგით, ან გამოსვლით, ფაქტობრივად, Hard Talk რეჟიმში, ერთსაათიანი „ტოქშოუები“ იმართება ასეთი კომენტარების სახით.
რაც შეეხება მედია სტანდარტს, სტანდარტზე ვთანხმდებით. მივიჩნიოთ, რომ ეს არის შუქნიშანი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით, რას ნიშნავს წითელი, ყვითელი და რას მწვანე. წარმოიდგინეთ, შუქნიშანი რომ არსებობდეს და ეს შუქნიშანი იყოს გამორთული, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით. შუქნიშანი დგას ყველა მანქანისთვის, სახელმწიფო მანქანისთვის, კერძოსთვის და ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს. ამ წესებზე ყველა ვთანხმდებით ანუ შუქნიშანზე. უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული, ეს კანონი აკეთებს იმას, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს. როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას. თვითრეგულირება რომ იყოს საგზაო მოძრაობაში, გვექნებოდა კოლაფსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიციირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან, ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
