შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში დაშვების აკრძალვის თაობაზე

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში დაშვების აკრძალვის თაობაზე.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის აკრედიტაცია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის აქვთ და მისი „ბოროტად გამოყენება“ მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა.
პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტი არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად“.
„ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, რომ პროტესტი გამოეხატა. გასაგებია მათი პროტესტი – შეუძლიათ გარეთ, საჯაროდ გამოხატონ თავისი პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო, ნაცვლად ამისა კი, მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა გაიხსენა წინა კვირას ბიუროს სხდომის პარალელურად „პუბლიკის“ ჟურნალისტის მიერ პარლამენტში გამოხატული პროტესტი და თქვა, რომ გუშინაც ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი პროტესტის გამოხატვა იყო.
„უპირველესად, უნდა ვთქვათ, რა არის პარლამენტში მედიის ყოფნის მიზანი – მიზანი არის პარლამენტის საქმიანობის გაშუქება, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ და ა.შ. სწორედ ამისთვის არსებობს აკრედიტაცია. 340 ჟურნალისტია აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის ტელემედიის, 17 ტელევიზიის წარმომადგენელი. შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც დღესაც არსებობს, 17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება ონლაინ მედიას, ბიუროს სხდომა რომ იყო, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა. გაშალა პლაკატი. გუშინ, ზუსტად ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა. გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, პარლამენტის წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ბოროტად არ უნდა ისარგებლო ჟურნალისტური აკრედიტაციით, დაწესებულებაში შეხვიდე ვითომ და ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში, შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც გუშინ, ისე დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს აქვთ – არც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტს, მათ შორის არც “ინტერპრესნიუსის” აკრედიტებულ კორესპონდენტებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ.