შალვა პაპუაშვილი – განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან

ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება.
“ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართა.
„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.