ჩვენ გუშინ ვნახეთ მიმდინარე აქცია, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ხელს არავინ უშლის – მაგრამ ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა შემდეგ, იყო პიკეტირების მცდელობა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე აქციაზე იყო მცდელობა, მიწოლა პოლიციაზე იმისთვის, რომ რაღაც ინციდენტები ყოფილიყო.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ხალხს, რომ მათ შეუძლიათ, გამოხატონ თავისი აზრი, თუმცა ჩაეტიონ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
„[აქციის ]პირველი მიზანი იყო რომ ჩაეხშოთ დისკუსია, და მეორე, წავიდნენ პროვოკაციაზე იმისთვის, რომ ძალადობრივი სცენები დაიდგას, რომლითაც შემდეგ ემოციური ტალღების გამოწვევა სურთ. ზუსტად ეს იყო, მათ შორის, კომიტეტზე მომხდარის ახსნა, ეს იყო მიზანი ამ ძალადობრივი თავდასხმისა, რომ შექმნილიყო კადრები და ვიზუალი ძალადობისა, რომ ემოციებზე ეთამაშათ. ჩვეულებრივი „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული სცენარით მიდის ოპოზიცია. „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან, რომელიც მათ აქვთ წაკითხული, მე არ მაქვს მაგრამ, როგორც თვითონ ციტირებენ ხოლმე.
რაც შეეხება აქციის მსვლელობას, ჩვენ გუშინ ვნახეთ კიდევ ერთხელ როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია, მინდა მათ მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, ქმედებების გამო ერთი პოლიციელი დაშავდა. ასევე, პოლიციის მხრიდან საჭირო გახდა ზოგიერთი ასეთი მოძალადის დაკავება. შსს გუშინ ამასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებდა. ჩვენ გუშინ ვნახეთ მიმდინარე აქცია, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ხელს არავინ უშლის და პირიქით, პოლიციის მოწადინება ის არის, რომ დაცული იქნას თავად აქციის მშვიდობიანი ხასიათი და უსაფრთხოება. მაგრამ ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა შემდეგ, რომ იყო პიკეტირების მცდელობა, რაზეც პოლიციამ უთხრა, იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობას საფრთხე არ შეჰქმნოდა, გვერდითა ქუჩები არ გადაკეტილიყო. შემდეგ ვნახეთ, იყო მცდელობა, მიწოლა პოლიციაზე იმისთვის, რომ რაღაც ინციდენტები ყოფილიყო.
განსაკუთრებით, მინდა მივმართო იმ ხალხს, რომლებიც ასეთ აქციაზე არიან ხოლმე და შემდეგ [მათგან] გვესმის, რომ „მშვიდობიანი აქცია იყო და რატომ მოუწია პოლიციას ძალის გამოყენება.“ ის, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და მოცილებულია გვერდითა ქუჩებს, დააკვირდნენ რა ხდება ამ გვერდითა ქუჩებზე. ის წინა ხაზები, რომელიც იქ იყო, როგორ შედიოდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან იმისთვის, რომ მათი რეაქცია გამოეწვიათ.
კიდევ ერთხელ, ყველას ყველანაირად შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და აზრი, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიან ფორმატში. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალადობა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია ყველანაირად. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა ჩაეტიონ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 პირი დააკავა.