შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის რეზოლუციაზე – ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის

ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ გასაკვირი არაფერი არ არის , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარდაჭერას.
პაპუაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიან მეგობრობას ძირს უთხრიან.
„ჩვენ ვნახეთ პროექტი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, დღეს იყო კენჭისყრები. ვნახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის, გერმანიის ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რაც ყველაფრის მანიშნებელია.
როცა ამ რეზოლუციის შინაარს გავეცანით, ყველაზე გულსაკლავი იყო ის, რომ ჩვენ ვხედავთ გერმანიის პოლიტიკაში და მათ შორის, დიპლომატიაშიც ხალხს, რომელიც ძირს უთხრის 30-წლიან მეგობრობას. განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიასთან. გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის თუ რა ემოციური დამოკიდებულება გვაქვს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ. ქართველი ხალხის ნდობას ასე რომ ანიავებენ, ძირს რომ უთხრიან, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი.
მეორეს მხრივ, ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები – “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღმდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” კი თავი შეიკავეს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ს ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ