ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს, წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან თუ რა ხდება?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დამოკიდებულება, როდესაც უვიზო მიმოსვლას საჩუქრად განიხილავ და ვიზას წყევლად, აჩვენებს ევროკავშირს რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის დამოკიდებულებით ჩანს, თითქოს, „იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები აქვთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ“.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზულია, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გვესმის. მთავარი მუქარა არის დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღეს და უკვე შეჩერებულია. ვიზას იღებენ ის პირები, ვისაც აქვთ დიპლომატიური პასპორტი. როდესაც გახლდით ვიზიტით ბულგარეთში, ავიღე ვიზა. ისევე როგორც ვიზა ავიღე როდესაც ბრიტანეთში წავედი ვიზიტით, ასევე ირლანდიაში. მთელი პრობლემა არის, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს, წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება. ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან თუ რა ხდება?! არის ვიზის საჭიროება?! – ავიღებთ ვიზას. ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამის საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს. ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე დიდი ხანია შემოღებულია. ეს დამოკიდებულება, შანტაჟი ქართველ ხალხზე, ალბათ, იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენს საზოგადოებას ახსოვს ერთ-ერთი სკეტჩი, როდესაც დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას და რომ ემუქრებიან, ბევრჯერ – ერთხელ, ორჯერ და სამჯერ დაგაპატიმრებო. ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ, სამჯერ და თითქოს, არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატური პასპორტებისთვის. თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლას რაღაც საჩუქრად განიხილავ და ვიზას წყევლად, აჩვენებს უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს. რომ მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლა არის მთელი საზოგადოებისთვის, რომ იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები აქვთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ. ამას ამბობს ბრიუსელი საკუთარ თავზე, როდესაც ასეთ შანტაჟს ეწევა, ისეთი ცუდები ვართ რომ ვიზას თუ შემოვიღებთ გაწვალებული იქნებითო. ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ ვინ?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში ბრიუსელის ფარისევლობას აჩვენებს.
„რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშს, ესეც აჩვენებს აბსოლუტურად ბრიუსელის ფარისევლობას. ანგარიში, რომელიც შეეხება ყველა იმ ქვეყანას, სადაც არის უვიზო მიმოსვლა, ყველგან საუბარია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების საკითხებზე. ყველა ქვეყანაზე არის ეს თავები და რატომღაც უკრაინიდან და მოლდოვიდან ამოღებულია. ანუ, ამოღებულია ეს თავები იმ ორი ქვეყნიდან, სადაც განსაკუთრებით ჩანს ეს პრობლემა. ყველამ კარგად იცის, სად დგას ეს ორი ქვეყანა კორუფციის მხრივ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს – ორივე ქვეყანაში ტელევიზიები დახურეს, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. ვისაც მიაკრავ პრორუსის იარლიყს, შეგიძლია დახვრიტო კიდევ. ამას გულისხმობს პროევროპულობა დღეს, რომ თუ ვინმეს მოცილება გინდა, დაუძახე „რუსი“ და მერე მოკალი თუ გინდა ის ადამიანი. ეს არის დღეს ევროპული ღირებულება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.




