ბრიუსელმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გააფუჭა იმის გამო, რომ დაემალა თავისი ფინანსები. ბრიუსელია დამნაშავე ამ ურთიერთობების შეჩერებაში. დღეს ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს აღარ მიჰყვება. ეს გზა მიდის ჩიხში. მიდის არა ევროპული კავშირისკენ, არამედ საბჭოთა კავშირისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „წერილში შავით თეთრზე წერია, ვინ შეაჩერა პროცესი“.
„ჩვენ ვხედავთ იმ აბსოლუტურად ღია პროპაგანდას და დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ინტენსიურად მიდის იმის გამო, რომ საქართველო არ აჰყვა მოწოდებებს და 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო ის, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია – 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა საქართველოს ამომრჩეველზე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით. პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს.
ამ წერილში წერია, რომ [ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი] დე-ფაქტო შეჩერდა ივნისში, ეს წერია ამ წერილში. არამხოლოდ კონტაქტები იყო შეწყვეტილი, არამედ პროექტები შეჩერდა. იმიტომ, რომ ინტეგრაციის პროცესისთვის იყო ეს პროექტები და ისინი შეწყვიტეს, მათ შორის კონტაქტებიც ამისთვისაა. არსებობს საბჭო, რომელიც უნდა შეკრებილიყო. ხან იქ არ მიიწვიეს, ხან კომიტეტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს, ეს არის სწორედ ინტეგრაციის პროცესი. როცა არის დიალოგი და გააჩერეს დიალოგი, ინტეგრაციის პროცესი იმის გამო, რომ ჰერჩინსკის არ გაესაჯაროებინა რას აფინანსებდა საქართველოში. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ყიდულობდნენ აირწინაღებს, სხვა საშუალებებს წინააღმდეგობა რომ გაეწიათ პოლიციისთვის. ეს რომ არ გვენახა ქართველებს, დაემალათ, ქართველი ხალხისთვის ცნობილი რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ამის გამო გააკეთეს ეს.
28 ნოემბერს კი კობახიძემ თქვა, ქართველი ხალხი არ გახდება მათხოვარი იმისა, რომ „ოღონდ თქვენ ის შეჩერებული პროცესი განაახლეთ, ყველაფერს ვიზამთ, ცალ ფეხზე დავდგებით, ესკალაციაზე წავალთ, გავაუქმებთ სასამართლოს, დავიჭერთ, ვისაც გვეტყვით და გავათავისუფლებთ იმას, ვისაც გვეტყვით. გამოაშკარავდა ერთი მთავარი დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის კოორდინირებით ვრცელდებოდა პარტიული მედიის, პარტიებისა და „ენჯეოების“ მხრიდან, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. წერილში შავით თეთრზე წერია ვინ შეაჩერა. წერია პირდაპირ, რომ ივნისში რამდენიმე თვით ადრე, ეს შეაჩერა ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაემორჩილა ინსტრუქციას „გამჭვირვალობის კანონი“ არ მიგვეღო, რომელიც ამერიკული სტანდარტისაა. არ მიგვეღო იმის გამო, რომ ფინანსები დაემალა. ბრიუსელმა საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობა გააფუჭა იმის გამო, რომ დაემალა თავისი ფინანსები. სხვა ხომ არაფერი საფუძველი არ ჰქონია?! ბრიუსელია დამნაშავე ამ ურთიერთობების შეჩერების, იმის გამო, რომ ოღონდ არ გაესაჯაროებინა საკუთარი დაფინანსება. ხომ მართლა სირცხვილია, რომ ევროპა, მშვიდობისა და კეთილდღეობის სივრცე, იქცა ასეთი ბოროტი გეგმების, სხვა ქვეყნისთვის ძირის გამოთხრის, „რეჟიმ ჩეინჯებისა“ და ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად. ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს. დღეს ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს აღარ მიჰყვება. ეს გზა მიდის ჩიხში. მიდის არა ევროპული კავშირისკენ, არამედ საბჭოთა კავშირისკენ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“. მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.



