შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე – ქართველებო, ჩაატარეთ „ვეტინგი“, რადგან თქვენი კონტექსტი ვიცით და აღმოჩნდა, კონტექსტი კი არა, ისიც არ იცოდნენ, რომ მაგიდასთან სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილი ეჯდათ

ზოგადად, იმედგამაცრუებელია, რომ კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, სტუმრების რანგში სისხლის სამართლის დამნაშავე ვნახეთ და ამ კრიმინალის გვერდით ისხდნენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ეს რა თქმა უნდა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირთან ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ ზურაბ ადეიშვილი დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ.
„მათ უნდა სცოდნოდათ ვის იწვევდნენ და ვინ არის მოწვეულთა სიაში და როდესაც კრიმინალები არიან მოწვეულთა სიაში და იქ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, ვერ დავიჯერებთ ასეთი მსჯელობის გულწრფელობას. ჩვენ ბრიუსელის იგივე კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე, რომ ქართველებო, შემოიღეთ კვალიფიციური უმრავლესობა, ქართველებო, ჩაატარეთ „ვეტინგი“, მართალია ევროკავშირში არცერთი ქვეყანა არც კი იფიქრებს, რომ უცხოელებს დაანიშვნინოს საკუთარი მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ გააკეთეთ „ვეტინგი“. ეს ხალხი, ამ კაბინეტებიდან გვესაუბრებიან ამ ტერმინოლოგიით, რომ უცხოელებმა ჩვენი კონტექსტი იციან კარგად. რა აღმოჩნდა, რომ კონტექსტი კი არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მაგიდის გადასწვრივ სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ. თან როგორი დამნაშავე, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და შექმნა სახელისუფლებო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე და წამებაზეა დამყარებული. ამის შემდეგ, როდესაც იგივე კაბინეტებში გვეტყვიან, რომ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ ეს გააკეთეთო, ჩვენ ხომ ვეტყვით, როგორ იცით ჩვენი კონტექსტი როდესაც ისიც არ იცით ზურაბ ადეიშვილი ვინ არის და რას ნიშნავს ის ქართული კონტექსტისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ