შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საგრანტო კონკურსზე – დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კორუფციული გრანტი, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, საბოლოო ჯამში, ვის მისცემენ ამ ფულს

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებულია, თითქოს ეს არის თავისუფალი კონკურსი – ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, საბოლოო ჯამში, ვის მისცემენ ამ ფულს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში მუნიციპალური ს წინ საგრანტო კონკურსის გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს „ზუსტად იგივე მიზნებს ემსახურება, რასაც მანამდე ამერიკული დაფინანსება ემსახურებოდა, რომელიც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებულია, რომ იყო თანხები, რომლებიც სხვა ქვეყნების ასარევად, ხელისუფლების ცვლილებების, დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა“.
„ახლა არის მცდელობა, რომ გარკვეული ვაკუუმი შეავსონ, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით აკეთებდნენ, ახლა მარცხენა ხელით გააკეთებენ ბრიტანული თუ სხვა ევროპული ფონდებით. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კორუფციული გრანტი. გამოცხადებულია, რომ თითქოს, ეს არის თავისუფალი კონკურსი, აქ სულელი არავინ არის და ყველა კარგად
ვხვდებით, საბოლოო ჯამში ამ ფულს ვის მისცემენ. ეჭვი მაქვს, რომ წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ „ESFED”-ს და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს. ესეც თვალთმაქცობა და კორუფციაა, როცა წინასწარ უკვე ცნობილია შედეგი, რომ თითქოს, რაღაც ღია კონკურსი ცხადდება. ამით უნდათ, მოატყუონ, ქართული საზოგადოება, მათ შორის ბრიტანული, როცა წინასწარ ცნობილი შედეგი აქვთ და თავისი გადასახადის გადამხდელებს ისე ეუბნებიან, თითქოს აქ კონკურსებია და ნეტა, ვინ გაიმარჯვებს და ESFED-ი მიიღებს თუ არა საკმარისს ქულებს – იქნება ტუჩების და ფრჩხილების კვნეტა, ვინ მიიღებს და ვინ არა. ეს „კლოუნადა“ რომ იდგმება, ასე უსირცხვილოდ, ესეც აჩვენებს, რომ ასეთი საქმიდან კეთილი ნაყოფი არასდროს არ იქნება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დიდმა ბრიტანეთმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ FCDO (საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისი) აცხადებს კონკურსს ქართული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის 2025 წლის 25 აპრილამდე, რათა მხარი დაუჭიროს 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეფექტურად ჩატარებას.