პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოსტივის“ სანქცირებას „დიფ სთეითის“ შესახებ კონსპირაციით ეხმაურება. პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია არაფორმალური ჯგუფებისგან დისტანცირებას ცდილობს, ამიტომ ამ ძალებმა „გეოგრაფიული არეალი შეიცვალეს“ და ევროპაში გადმოინაცვლეს.
„დიდი ბრიტანეთი წინა წლებში მაინცდამაინც დიდად არ ინტერესდებოდა საქართველოს პოლიტიკით და საქართველოთი. ახლა რატომღაც, კვირა არ გადის, რომ ბრიტანეთის პარლამენტში განხილვები არ იყოს და თვე არ გადის, რომ სხვადასხვა მავნებლობა არ მოდიოდეს. უცებ აღმოჩნდა რატომღაც საქართველო ინტერესის არეალში. კარგი, ევროკავშირი გავიგეთ — კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამბობენ, რომ ამიტომ გვაქვს ინტერესი, მაგრამ ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს გარდა იმისა, რომ 100 წლის წინ აქ ბრიტანული ჯარი იდგა, რომელიც გავიდა და ამით ისარგებლა რუსეთის მე-11 არმიამ და საქართველო მიიერთა? სხვა რა კავშირი გვაქვს ასეთი, რომ განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ვართ, არ არსებობს“, — განაცხადა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.




