ესეც აჩვენებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ წაყენებული პრეტენზიები ტყუილია – ბოდიშები უნდა გვესმოდეს იმ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას პოლიტიზებას აბრალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია, ბოდიშები უნდა გვესმოდეს მათგან, ვინც ქართველ მოსამართლეებს შეურაცხყოფას აყენებენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი „კრიმინალია“.
„გუშინვე ვნახეთ რაღაც საცოდავი მცდელობა კეზერაშვილის გუნდისა თუ მისი ტელევიზიისა, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოეჩინათ როგორც კეზერაშვილის მიერ სასამართლოს მოგება. თუ მან სასამართლო მოიგო, ისიც გვითხრას ამით რა მოიგო? დამნაშავე არ არისო თქვა [სასამართლომ]? რაიმე კომპენსაცია მიანიჭა? მოგება რაში გამოიხატება? ესეც გვაჩვენებს, რომ ტყუილია. აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, სასამართლომ კიდევ ერთხელ ამხილა ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტი, რომელმაც 2022 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია და კეზერაშვილი სახელობით ახსენა, როგორც ტელევიზიის მენეჯერი და უსამართლოდ დევნილი ადამიანი. კიდევ ერთხელ ამხილა სტრასბურგმა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან, რომელმაც სამწუხაროდ, ამ დონემდე მიიყვანა ევროპარლამენტის გარკვეული შემადგენლობა. ყოველ ჯერზე ვხედავთ რეზოლუციებს, რომლებშიც დეზინფორმაცია და ტყუილი არის მოხვედრილი.
დადასტურდა, რომ კეზერაშვილი არის კრიმინალი, რომელმაც ქართულ ჯარს, რომელსაც ახლა მისი პოლიტიკური ძალა მაშხალებს ესვრის, აი ამ ბიჭებს, რომლებიც 2008 წელს ომში იბრძოდნენ, ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოჰპარა ფული. ამ ფულით აფინანსებს ტელევიზიას, „ენჯეოებს“ და პოლიტიკურ პარტიებს.
საბოლოოდ, ესეც აჩვენებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ წაყენებული პრეტენზიები ტყუილია. დღეს ჩვენ ბოდიშები უნდა გვესმოდეს იმ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას პოლიტიზებას აბრალებს. ბოდიშები, ვინც კეზერაშვილზე ამბობდა, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი, ბოდიშები უნდა გვესმოდეს იმათგან, ვინც ქართველ მოსამართლეებს შეურაცხყოფას აყენებენ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი ფარისევლობაც ევროპული პოლიტიკის ნაწილია, რომ ბოდიშის ნაცვლად, კიდევ უტიფრად საქართველოზე, ქართველ ხალხზე და მის ინსტიტუტებზე თავდასხმა გვესმის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
