პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები მტრულ პოლიტიკას ატარებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პაპუაშვილი მათ პოზიციას ანტიქართულად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკის კულმინაცია.
„ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის. რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ. ფაქტია მათი მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სამი ქვეყანა, რომელიც წესით თავად უნდა ხვდებოდეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ეს სამი ქვეყანა რატომღაც გადაემტერა ქართველ ხალხს. ეს არის კულმინაცია ამ მტრული პოლიტიკის გამოვლინების.
გავიხსენოთ წინა წლები, ვინ იყვნენ სააკაშვილის გულშემატკივრები? ესენი იყვნენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ვინ იყო, ვინც ყოველთვის ცდილობდა, აერია სიტუაცია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს ცხვირში გვტენიდნენ, იყო ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ახლა რასაც ვხედავთ ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის მიერ საქართველოს ათი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.
უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ:
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს,
პროკურორ მარი მეშველიანს,
პროკურორ ნათია ტატიაშვილს,
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,
პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,
პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.
საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.
