რამდენი ხანია იმავეს ვეუბნებით ბრიუსელს და ვაწყდებით ყრუ კედელს – იმედია, აშშ-ის მკაფიო პოზიცია, რომელიც იმეორებს ბრიუსელთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, მაინც იქნება ბრიუსელისთვის განგაშის ზარი, რომ ის დღეს ევროკავშირს უფსკრულისკენ მიაქანებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბრიუსელი უკვე „ლამის უფსკრულის პირასაა მისული.“
„ისინი უკვე ლამის უფსკრულის პირას არიან მისულები. აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში ამოვიკითხავთ შეფასებებს, როგორიცაა, რომ ცივილიზაციის გაქრობის პირასაა, რომ იქ არის ცივილიზაციური კრიზისი. მოვისმინეთ, რომ მათ შორის, თეთრ სახლში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას „ესტონიზაციად“ მოიხსენიებენ და ეს ტერმინი ჩამოყალიბდა, როგორც იმ თავქარიანი აქტივიზმის ასახვა, რომლითაც ბრიუსელმა ევროკავშირი ეკონომიკურ და ღირებულებით სტაგნაციამდე მიიყვანა, როცა ევროპა ევროპას აღარ ჰგავს უკვე. ამაზე საუბრობს აშშ, რომ ის ღირებულებები, რაც ჩვენც წამოვიღეთ ევროპისგანო, ამ ღირებულებებს კარგავს, სახე ეცვლება და კულტურული ცვლილება ხდება უკვე ევროპის. ის, რაც ევროპა იყო, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ, თვალს და ხელს შუა ქრება, ეკონომიკურად კნინდება.
ზუსტად იგივე გაიმეორა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა. ევროკავშირი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკის 24% ეკავა, დღეს 17%-ზეა ჩამოსული, ზუსტად იმ თავქარიანი აქტივისტური პოლიტიკის გამო, „ესტონიზაციის“ გამო, რომელიც ევროკავშირს სჭირს.
იმედია ახლა მაინც განგაშის ზარად მიიღებენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში პატრიოტული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, რაც მისი თქმით, ბრიუსელის პოლიტიკის გაკეთილშობილების ერთადერთი გამოსავალია.
„სტრატეგიაში ხაზია გასმული, რომ აშშ პატრიოტულ ძალებზე ამყარებს იმედებს და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ მივესალმებით იმ გამოღვიძებას, რაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, სადაც პატრიოტული ძალები უფრო მეტ ძალას იკრებენ – ზოგან ხელისუფლებაში არიან, ზოგან ხელისუფლებაში მოსვლის ზღვარზე არიან. იმედი გვაქვს, ევროპის ყველა ქვეყანაში პატრიოტული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და ეს არის ერთადერთი გამოსავალი გზა ბრიუსელის პოლიტიკის გაკეთილშობილებისა. ეს არის გზა საქართველოს და ბრიუსელს შორის ურთიერთობების აღდგენისა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ. „შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად“, – აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, მასში ხაზგასმულია, რომ ევროპის დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ იქცევა, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო. დოკუმენტის თანახმად, ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა. „ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას. პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დავეხმაროთ ევროპას მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიერ ევროპაში გაბატონება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.




