პროსამთავრობო „რუსთავი 2-ის“ ეთერში შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროპული ქვეყნების მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარების საკითხზე. მისი შეფასებით, ეს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. ამ კონტექსტში მან ევროპული ქვეყნები რუსეთს შეადარა.
„ჩვენი შეხვედრები პარტნიორებთან, უცხოელებთან ევროკავშირის თუ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან ყოველთვის იწყება ხოლმე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმით. სინამდვილეში ბოლო პერიოდში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს აბსოლუტური სიტყვებია ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან და ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს.
როგორ სცემს ესტონეთი ჩვენს სუვერენიტეტს პატივს, როდესაც რეზოლუციებს იღებენ, რომ არ აღიარებენ საერთოდ არაფერს ამ ქვეყნის – არც ხელისუფლებას, არც არჩევნებს, არც ინსტიტუციებს – ეს ხომ არის ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობა?!
დღეს სინამდვილეში სამწუხარო რეალობა არის, რომ დღეს ევროპული ქვეყნები არიან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ. აქამდე ეს პრობლემა გვქონდა რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტის არაღიარებასთან ერთად ოკუპირებულიც აქვს ჩვენი ტერიტორიების ნაწილი. დღეს ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ, ხელყოფენ ჩვენს სუვერენიტეტს საკუთარი ქმედებებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




