ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიცირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა მოუწოდა ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც, მისი თქმით, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია“.
„გუშინდელმა განხილვამ ისიც აჩვენა, რომ, საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც იმედია, დროთა განმავლობაში, ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებს. მადლობა მინდა მათ გადავუხადო სწორი შეფასებებისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.